logo

ახალი კადრები შაქარაშვილის საქმეში - ვინაა პირი, რომელიც გამოძიების მასალებში არ ფიგურირებს

clock 0 clock 11141 clock 08 ივლ 202012:03

ახალი გარემოებები გიორგი შაქარაშვილის საქმეში - მიკროავტობუსი, რომლის გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალაც ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს.

კადრებში ჩანს, რომ მიკროავტობუსის ერთერთი მგზავრი  დიდუბეში გურამ ამირხანაშვილს შეხვდა. 

ამირხანაშვილი თავის არცერთ ჩვენებაში არ საუბრობს პირზე, რომელიც მედიის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს - თეთრმაისურიანი ახალგაზრდა მამაკაცი გამოძიებაში არ ფიგურირებს.

„მთავარის“ ინფორმაციით, მიკროავტობუსის  მგზავრი სავარაუდოდ ე.წ. კანონიერი ქურდის შვილი, ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწროა“. 

 

 

მანქანა, სავარაუდოდ, ჯერ მცხეთაში „ტოიოტა ქემრისთან“ ჩნდება, შემდეგ კი დიდუბეში - იქ, სადაც გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი ჩამოსვეს.

მორაგბეების ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ვიდეოს ფიგურანტი თეთრმაისურიანი პიროვნება არაა საქმესთან დაკავშირებული - მისივე თქმით, მამაკაცი უბრალო გამვლელია, რომელმაც ამირხანაშვილს ტელეფონი ათხოვა.

„გადმოგვეცა ახალი ინფორმაცია საქმეზე. ტერაბაიტი დასჭირდათ, რომ მასალა მოეწოდებინათ. იკვეთება, რომ ამირხანაშვილი ტელეფონს სთხოვს ამ უცხო მამაკაცს და რეკავს მეგობართან. ეს შემიძლია დადასტურებით გითხრათ. რაც შეეხება, არის თუ არა მამაკაცი ჩართული საქმეში - ის არაა გამოკითხული. თუ კარგად დავაკვირდებით, ის ტელეფონს აძლევს ამირხანაშვილს. არ მაქვს ინფორმაცია, ვინაა 'კაწრო' და არაა გამოკითხული ის პიროვნება, ვინც ტელეფონი ათხოვა ამირხანაშვილს", - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

ავთო ბილანიშვილის ცოლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და „მთავარ არხს“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მედია მისი ქმრის წინააღმდეგ მიზანმიმართულ შავ კამპანიას ეწევა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი  რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა