logo
ENG



ახალი შეზღუდვების გასაპროტესტებლად ბათუმში აქციას მართავენ

29 ნოე 202017:20
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებსა და ხელისუფლების მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ. 

ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი თანხმობის დოკუმენტი მიიღეს და ხელმოწერებიც დააფიქსირეს.

აქციის მონაწილეებს ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსებისა და ტაქსის მძღოლების შეუერთდნენ. მათ პროტესტის ნიშნად ავტომობილებით მსვლელობაც მოაწყვეს. 

ადგილზე მოსულ ადამიანებს პირბადეები დაურიგდათ. მომზადებულია სპეციალური სანიშნეებიც, რათა აქციის მონაწილეებმა დისტანცია დაიცვან. 

აქციის ორგანიზატორების თქმით, ხვალიდან ლენტით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მოეწყობა გარე კაფეები, ბაზრობები და ამ ფორმით მოქალაქეები ახალ რეგულაციებს გააპროტესტებენ. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწია და 21:00 სთ-დან დაიწყება. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტა ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად: 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.

 
 
 

close დახურვა