შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახმეტაში მაღაზია "იოლი" დააყაჩაღეს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ყაჩაღობის ბრალდებით პოლიციამ 2005 წელს დაბადებული დ.ჭ. დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, მაღაზია "იოლის" მოლარე-კონსულტანტს პნევმატური იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
"დ.ჭ.-მ ყაჩაღური გზით მაღაზიიდან გაიტაცა ფული, სიგარეტის კოლოფები და მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ახმეტის მუნიციპალიტეტში დააკავა", - ამბობენ შსს-ში.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.