ბათუმის იუსტიციის სახლის კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა განუცხადა.
ინფიცირების ახალი შემთხვევისა და დამატებითი პრევენციული ღონისძიებების გატარების გამო იუსტიციის სახლმა მუშაობა არ განაახლა. იუსტიციის სახლი გუშინ უნდა გახსნილიყო.
მათი თქმით, მუშაობას შენობის სრული დეზინფექციისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დასრულების შემდეგ განაახლებენ.
"პრევენციული ღონისძიებების გატარება 7 სექტემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის სახლის თანამშრომელს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. იმავე დღეს დაიწყო და გრძელდება, როგორც მომსახურების სივრცეებისა და შეხვედრების ოთახების დეზინფექცია, ისე შენობის 17-ვე სართულზე განთავსებული სხვადასხვა უწყების სამუშაო ფართების სპეციალური საშუალებებით დამუშავება.
ბათუმის იუსტიციის სახლის გასხნის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც უწყება სრულად განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ ყველა პრევენციულ ზომას და დარწმუნდება, რომ გარემო უსაფრთხოა, როგორც მომხმარებლებისათვის, ისე იუსტიციის სახლში დასაქმებული თანამშრომლებისათვის", - აცხადებენ იუსტიციის სახლში.
ამ დროისთვის იუსტიციის სახლის 2 თანამშრომელია ინფიცირებული. დღეს, 10 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 27 აჭარაში დადასტურდა.