logo
ENG



ბათუმის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ბოიკოტს აცხადებენ

16 დეკ 202211:43
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები საკრებულოში მუშაობას წყვეტენ.

როგორც მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, ბოიკოტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული არ იქნება.

საკრებულოს დეპუტატების თქმით, არ აპირებენ, ქართულ ოცნებას "დემოკრატიის ფასადი შეუქმნან".

"ვინაიდან ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა სიკვდილის ქრონიკები მესამე პრეზიდენტის მიმართ, ენმ-ის ფრაქციამ დღეს იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ დავესწრებით ბათუმის საკრებულოს სხდომებს იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ იქნება ადამიანის უფლებები დაცული და მის მიმართ არ იქნება განხორციელებული შესაბამისი სამართლებრივი ზომები მიღებული, იქამდე ჩვენ ვწყვეტთ ქალაქ ბათუმის საკრებულოში მუშაობას, არ ვაპირებთ ქართულ ოცნებას შევუქმნათ დემოკრატიის ფასადი"- განაცხადა ენმ-ის დეპუტატმა ნოდარ დუმბაძემ.

ბრიფინგზე დეპუტატებმა ქუჩის აქციები დააანონსეს.

გუშინ, 15 დეკემბერს სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანამდედ შიმშილობა გამოაცხადეს ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის დეპუტატებმა. 

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

13 დეკემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა - ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. რასა იუკნევიჩიენემ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი მათ სინდისზე არ იყოს. ამის შესახებ ისაუბრა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტმა მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა გაიაროს.


close დახურვა