ბათუმში, სავარაუდოდ, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს. ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს სასტუმრო მეტროს შენობაში, რომლის მფლობელიც ოზთურქია.
ადგილზე ფინანსური პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული.
ფორმულა დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.
ოზთურქი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, ხშირად ჩნდებოდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე ყოფილ პრემიერებთან გიორგი გახარიასთან, გიორგი კვირიკაშვილთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.
2018 წელს, თურქული მედიის ცნობით, ოზთურქს თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ოზთურქი სწორედ პატიმრობის თავიდან ასაცილებლად გამოიქცა.
თურქი ბიზნესმენის კომპანიები ძირითადად ტურიზმის, ტრანსპორტისა და მშენებლობის ინდუსტრიებში საქმიანობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივია ბათუმში მდებარე სასტუმრო "ეიფორია".
2020 წლის მონაცემებით, გალიფ ოზთურქმა საქართველოში $500 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.
ფორმულამ ინტერვიუ ჩაწერა ჩინელ მეწარმესთან, რომელიც თურქ ბიზნესმენს და საქართველოს ხელისუფლებას რეკეტში ადანაშაულებს.
ზანგ ზი ქიანგი და მისი ქართველი პარტნიორი ამბობენ, რომ ოზთურქმა, მთავრობის მფარველობით, 15 მილიონიანი ინვესტიციისთვის განკუთვნილი თანხა წაართვა
ჩინელი ბიზნესმენი ყვება, რომ გალიფ ოზთურქთან და მის გარემოცვასთან ერთად აჭარაში ფულის დაბანდება და სასტუმროს ბიზნესის დაწყება სწორედ თურქი ბიზნესმენის სამთავრობო გავლენებმა გადააწყვტინა. თუმცა, მუქარით და ზეწოლით გალიფ ოზთურქმა და მისმა სხვა პარტნიორებმა ის ჯერ ბიზნესიდან გააგდეს, შემდეგ კი სიცოცხლის მოსპობის მუქარით საქართველოს დატოვებაც აიძულეს.
ახლა ის დუბაიში ცხოვრობს.
უცნობია, უკავშირდება თუ არა კონკრეტულად მის ბრალდებას დღევანდელი სპეცოპერაცია. ჯერჯერობით უცნობია, რა შესაძლო დანაშაულის კვალზე გავიდნენ ქართველი სამართალდამცველები.
თუმცა, ოზთურქის მიერ დასაქმებული ადგილობრივების მხრიდან სპეცოპერაციას პროტესტი და ხმაური მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ გალიფ ოზთურქს მხარს უჭერენ.
რა შეიცვალა ქართული ოცნების მთავრობისა და თურქი ბიზნესმენის ურთიერთობებში, რომელიც თურქეთში ძებნილადაა გამოცხადებული, ჯერჯერობით ბუნდოვანია. არც ერთი საგამოძიებო უწყება ოფიციალურ განმარტებას ჯერჯერობით არ აკეთებს.