logo
ENG



"დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია" - ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ახალი საქმე

10 თებ 202315:19
3 წუთის საკითხავი
clock 896
2023/02/10/xfos3vyn3mijxre.jpg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ოზთურქის მიმართ მიმდინარე საქმის ფარგლებში დადგინდა, რომ "ბიზნესმენმა, 2019 წლის დეკემბერში, დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებები 10 მილიონ ლარად ღირებული კომპანიის თითქოსდა 42 მილიონ ლარად შესყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც, იგივე ქონება, გაზრდილ ფასში - 82 მილიონ ლარად გაასხვისა მისივე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიაზე, საიდანაც უკანონოდ მიღებული 33 მილიონი ლარით, შემდგომში დაფარა კომპანიის აქციების ღირებულება, რითაც შენიღბა და კანონიერი სახე მისცა მისივე კომპანიიდან მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს".

"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ასობით საგამოძიებო მოქმედება, რევიზია და ექსპერტიზა, ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოში არსებული ყველა კომერციული ბანკიდან, ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან და სხვადასხვა ორგანიზაციიდან გამოითხოვეს საქმესთან კავშირში არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, შეისწავლეს გ.ო.-ს ოფიციალური შემოსავალები და გაწეული ხარჯები, რის შედეგადაც ბიზნესმენ გ.ო.-ს და მასთან დაკავშირებულ 15 კომპანიას ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხათ დაახლოებით 112 მილიონი ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი აღემატება 69 მილიონ ლარს.

ოზთურქი იმყოფება პატიმრობაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შენახვის ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილებით. საქმეს ამჟამად არსებითად განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო.

გრძელდება ბიზნესმენ გ.ო.-ს და მასთან კავშირში მყოფი კომპანიების საქმიანობის კანონიერების შესწავლა, გადასახადისათვის თავის არიდების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის მიზნით", - წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გალიფ ოზთურქი გასული წლის 31 მაისს,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს

***

ოზთურქი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, ხშირად ჩნდებოდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე ყოფილ პრემიერებთან გიორგი გახარიასთან, გიორგი კვირიკაშვილთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.

2018 წელს, თურქული მედიის ცნობით, ოზთურქს თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ოზთურქი სწორედ პატიმრობის თავიდან ასაცილებლად გამოიქცა.

თურქი ბიზნესმენის კომპანიები ძირითადად ტურიზმის, ტრანსპორტისა და მშენებლობის ინდუსტრიებში საქმიანობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივია ბათუმში მდებარე სასტუმრო "ეიფორია". 

2020 წლის მონაცემებით, გალიფ ოზთურქმა საქართველოში $500 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.


close დახურვა