ბათუმში გამართულ აქციაზე დაკავებული პირების ახლობლები საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას აგრძელებენ. 5 პირის სასამართლო პროცესი უკვე დასრულდა. 3 მათგანს 1000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, 2-ის პროცესი კი გადაიდო. 30 დაკავებულიდან 9, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის იყო რამდენიმე არასრულწლოვანიც.
ერთ-ერთი დაკავებული დავით წულუკიძე ამბობს, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა.
"მე რომ ფიზიკურად ჯანმრთელად არ ვყოფილიყავი, ხელს მომამტვრევდნენ. 6-7 კაცი მიჭერდა. 4 ვიყავით დაკავებული, აქედან ორს 1000-ლარიანი ჯარიმა მისცეს, 2 ჯერ ისეა. დაკავების მიზეზი დასაბუთებული არ იყო", - აღნიშნა წულუკიძემ.
კიდევ ერთი დაკავებული ამირან ჭელიძე ასევე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას პოლიციის შეურაცხყოფას ედავებიან.
"აქციის დროს გადავადგილდებოდით. ამ დროს მოხდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება. ამის ნიადაგზე იქ მყოფი ერთი ორსული ქალი ითხოვდა შველას. მის საშველად წავედით და ამ დროს ალყა შემოგვარტყეს და მომიგონეს რომ მათზე ვძალადობდი. ამბობენ, რომ ვიგინებოდი და შეურაცხყოფას ვაყენებდი", - განაცხადა ჭელიძემ.
დაკავებულების მხარდასაჭერად ადგილზე სოფელ ხულოს მოსახლეობაც იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აჭარის მთავრობის წინ დაწყებული აქცია, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებებით დასრულდა. აქციაზე, სადაც ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ორი პირის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, სამართალდამცველებმა 30 პირი დააკავეს.