logo
ENG



ბაიდენის თქმით, ამერიკელი ხალხი ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას იმსახურებს

07 ნოე 202421:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/07/bvokazir6eyjnit.jpg

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველი მიმართვა გააკეთა. როგორც მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე თქვა,  ამერიკელი ხალხი ძალაუფლების "მშვიდობიან და მოწესრიგებულ" გადაცემას იმსახურებს.

5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელმა კანდიდატმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.

"200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკა მსოფლიოში თვითმმართველობის უდიდესს ექსპერიმენტს ატარებს. ეს ჰიპერბოლა არაა. ეს ფაქტია. სადაც ხალხია, იქ ხალხი ხმას აძლევს და ირჩევს თავის ლიდერებს, და ამას მშვიდობიანად აკეთებს. და ჩვენ დემოკრატია გვაქვს. ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს", - განაცხადა ბაიდენმა როუზ გარდენიდან.

მისივე თქმით, იგი ესაუბრა არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს და მას გამარჯვება მიულოცა:

"გარანტია მივეცი, რომ მთელ ჩემს ადმინისტრაციას დავავალებ, მის გუნდათ იმუშაოს, რათა უზრუნველყოთ ძალაუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაცემა. ეს ისაა, რასაც ამერიკელი ხალხი იმსახურებს".

პრეზიდენტმა ბაიდენმა შეაქო ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და განაცხადა, რომ მან შთამაგონებელი კამპანია ჩაატარა:

"ყველამ დაინახა ის, რისი პატივისცემაც ადრე ვისწავლე, მისი ხასიათი".

გარდა ამისა, ბაიდენმა თქვა, რომ მას ესმის, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განსხვავებული გრძნობები იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია მიიღო "არჩევანი, რომელიც ქვეყანამ გააკეთა".

"ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ეს გამარჯვების დროა, სხვების ეს დამარცხების დროა. კამპანიები შეჯიბრებებია, ხედვების შეჯიბრი. ქვეყანა ირჩევს ერთს ან მეორეს, ჩვენ ვიღებთ არჩევანს, რომელსაც ქვეყანა აკეთებს. არ შეიძლება ქვეყნის სიყვარული მხოლოდ მაშინ, როდესაც იგებ", - თქვა მან.


close დახურვა