logo
ENG



ბაიდენის თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს

16 თებ 202201:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/16/itiw2l1xpx2kehv.jpg

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ რუსული საჯარისო ნაწილების ბაზებზე დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არაა. მისივე თქმით, უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. 

"რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ზოგიერთი შენაერთი უკრაინის სიახლოვეს თავის პოზიციებს ტოვებს. კარგი იქნება, მაგრამ ჩვენ ჯერ არ დაგვიდასტურებია ეს. ჩვენ ჯერ არ დაგვიდასტურებია, რომ რუსული ჯარის ნაწილები თავის ბაზებზე ბრუნდებიან - სინამდვილეში, ჩვენი ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ისინი რჩებიან თავდასხმის პოზიციაში და ფაქტი რჩება ფაქტად, რუსეთს ჰყავს 150 ათასზე მეტი სამხედრო, რომელიც განლაგებულია უკრაინისა და ბელარუსის გარშემო, და უკრაინის საზღვრის გასწვრივ. შეჭრა აშკარად შესაძლებელი რჩება", - აღნიშნა ბაიდენმა.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში კიევისთვის  კოლოსალური ადამიანური დანაკარგი იქნება და რუსეთისთვის კოლოსალური სტრატეგიული დანაკარგი დადგება. 

"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას საერთაშორისო გმობა მოჰყვება. მსოფლიოს არ დაავიწყდება, რომ რუსეთმა უაზრო სიკვდილი და ნგრევა აირჩია. უკრაინაში შეჭრა საკუთარი თავისთვის მიყენებული ჭრილობა აღმოჩნდება. შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები დამაჯერებლად უპასუხებენ. დასავლეთი ერთიანია", - თქვა ბაიდენმა.

15 თებერვალს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ "წვრთნების დასრულების შემდეგ რუსული ჯარები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან". 

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის განცხადება ფრთხილი ოპტიმიზმის მომცემია, თუმცა რეალური დეესკალაცია ჯერ კიდევ არ უნახავთ. 


close დახურვა