logo
ENG



ბასიანის თანადამფუძნებელი: დაკავებული პირი არტისტის მოსაწვევით იყო შემოსული

12 იან 202018:41
3 წუთის საკითხავი
 
lxe9nrdd5iuhxix.png

 

12 იანვარს, ღამის 3 საათზე, კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენას სოციალურ ქსელში კლუბის თანადამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი გამოეხმაურა.

ორაშვილის თქმით,  დაკავებული მამაკაცი, რომელმაც "ბასიანის" ტერიტორიაზე 15-ჯერ გაისროლა, კლუბში არტისტის მოსაწვევით იყო შესული.

ნაჯა ორაშვილის Facebook სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

„კლუბის ტერიტორიაზე არტისტის მოსაწვევით შემოსულმა და რამდენიმე წუთში კლუბის წესების დარღვევის გამო, ყოველგვარი კონფლიქტის, სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების გარეშე გაძევებულმა პირმა, მთელი ქალაქის გავლით სახლიდან მოიტანა 12 კალიბრიანი ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა. დაცვის წევრების სწრაფმა რეაგირებამ, რომლებმაც დროულად ჩაკეტეს კლუბის შემოსასვლელი რკინის კარი თავმდასხმელისგან იხსნა სტუმრები. თუმცა ჩვენი ოჯახის სამი წევრი მაინც დაშავდა. ორი მათგანი ფეხის, ერთი კი ზურგის არეში დაიჭრა, რომლებსაც დღეს დილით გაუკეთდათ ოპერაცია, მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისევ რჩებიან საავადმყოფოში. ვერაფერს დავწერ იმ სტრესულ და ტრავმატულ მდგომარეობაზე, რომელშიც კლუბის კარში მომუშავე ადამიანები და სტუმრები იმყოფებიან, რომლებმაც სიკვდილს ჩახედეს თვალებში. ოფიციალური ინფორმაციით თავმდასხმელი უკვე დაკავებულია. უნდა აღინიშნოს, რომ 39 წლის მოძალადე წარსულშიც ნასამართლევია. 2010 წელს ნასვამ მდგომარეობაში არაერთი გასროლის შედეგად დააზიანა აფთიაქი, რომელშიც ფსიქოტროპულ მედიკამენტების ყიდვაზე უთხრეს უარი. 9 წლის შემდეგ სამწუხაროდ ამ ადამიანის სამიზნე ჩვენ აღმოვჩნდით. სიტყვები არ მეყოფა, იმის აღსაწერად თუ როგორი მამაცი და უშიშარი გუნდი იცავს ბასიანს, როგორ წარმოუდგენელ სიყვარულს და ერთგულებას ამტკიცებენ უკვე მერამდენე წელია, როგორი რისკის ფასად უჯდება კლუბის ოჯახის თითოეულ წევრს სიცოცხლის და ჯანმრთელობის ჩვენი უსაფრთხოება. ეს არის დიდი სიყვარულის საზღაური, რომელიც გვაძლევს ძალას, რომ ერთად ვიდგეთ, ვიყოთ სოლიდარულები, და ვიბრძოლოთ ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ - თანასწორობისთის. ჩვენი კარი მუდამ ღია იყო სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის, რადგან გვჯერა ცვლილებების. არაერთხელ გვინახავს ერთ ღამეში შეცვლილი ადამიანები - ეს იყო დაუღალავი შრომის შედეგი, გაგვეზიარებინა ის ხედვები, ცოდნა და ღირებულება, რისთვისაც ვიბრძვით და რის გამოც შეიქმნა ეს სივრცე. სწორედ ეს არის ბასიანი, ყველასია ეს სივრცე და ვერანაირი მსგავსი შემზარავი შემთხვევა ვერ შეგვაცვლებს იმ აზრს, რომ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფები გავრიყოთ. ჩვენ მუდამ ვიყავით, ვართ და დავრჩებით ღია და მიმღებლურ სივრცედ. და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, დღეს ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით ეს ისტორია არავისთვის იქნება შიშის მომგვრელი, არამედ კიდევ ერთი დასტური, რომ მსგავსი სივრცეები ყველაზე უსაფრთხო და თავისუფალი ადგილებია მთელს ქვეყანაში, რომელსაც დაცვა და გაფრთხილება ჭირდება“, - წერს კლუბის თანადამფუძნებელი.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, 12 იანვარს გვიან ღამით კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, მომხდარი სროლისას სამი ადამიანი დაიჭრა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი - 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ.

 


close დახურვა