logo
ENG



ბაქო ერევანს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დაბომბვის მცდელობაში ადანაშაულებს, ერევანი - უარყოფს

07 ოქტ 202000:43
3 წუთის საკითხავი
 
p6511y8wm8fcivv.jpg

აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, სომხეთის სამხედრო შენაერთებმა ევლახის რაიონში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშის მიტანა სცადეს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. სომხეთი ბრალდებას უარყოფს და აზერბაიჯანს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"აზერბაიჯანული მხარის განცხადება იმის შესახებ, რომ სომხური შენაერთები ცდილობდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვას, აშკარა ტყუილია. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ სამიზნე არ არის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა. ამასთან, განურჩევლად ადგილმდებარეობისა, განადგურდება ყველა სამხედრო ობიექტი და მიზანი, საიდანაც არცახს ესვრიან", - წერს Facebook-ზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი შუშან სტეპანიანი.

ფორმულამ ინფორმაციის გადამოწმება საგარეო საქმეთა სამინისტროში სცადა. თუმცა, უწყებაში აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - სუს-ში განგვიცხადეს, რომ აღნიშნული თემა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაში შედის.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს. 

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა. გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია აზერბაიჯანის ზოგიერთ რეგიონში. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელ პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთს აზერბაიჯანის მიწების მითვისება სურს და ამას არც მალავს. ალიევი სომხეთს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტასა და პროვოკაციებში.

სომხეთის პრემიერმინისტრმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა ყარაბაღის კონფლიქტში. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეფეჯ თაიფ ერდოღანმა ღიად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს.

ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელსაც საფრანგეთი, აშშ და რუსეთი ხელმძღვანელობენ, მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და იმუშაონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ მხარეებს რუსეთმაც მოუწოდა.

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო.  კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.  

მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია. არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს. 

 

 

 

 


close დახურვა