logo
ENG



ბაქრაძე: ღარიბაშვილის ნომინირება მკაფიო განაცხადია, რომ დიალოგი და შერიგება არ იქნება

18 თებ 202119:00
3 წუთის საკითხავი
 
ბაქრაძე: ღარიბაშვილის ნომინირება მკაფიო განაცხადია, რომ დიალოგი და შერიგება არ იქნება

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ქართული ოცნების მიერ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა მისი ნომინირებით კონფრონტაციის გზა აირჩია. 

როგორც ბაქრაძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი განაცხადა, ღარიბაშვილი ქართული ოცნების პრემიერმინისტრებს შორის ყველაზე აგრესიული იყო.  

"დღეს გახარიას გადადგომამ გააღრმავა ქვეყანაში არსებული განწყობა, რომ სიტუაცია არის შესული ჩიხში, რომ ხელისუფლების ჩამოშლა არის დაწყებული და რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი. შინაარსობრივად მნიშვნელოვანია რა ტიპის დანიშვნა მოხდა - ღარიბაშვილზე შეიძლება ბევრი თქვა, მაგრამ მთავარი მისი მახასიათებელი არის ის რომ დღემდე, ქართული ოცნების ყველა პრემიერმინისტრს შორის ის იყო ყველაზე აგრესიული, ყველაზე კონფრონტაციული და ყველაზე დაპირისპირებული განსხვავებული აზრის მატარებელ ადამიანებთან და ოპოზიციასთან", - აღნიშნა ბაქრაძემ. 

მისივე შეფასებით, ღარიბაშვილის დანიშვნით მმართველმა გუნდმა ოპოზიციის შეთავაზებაზე დიალოგის დაწყებისკენ უარი თქვა.  

"ამიტომ შევხედოთ ამ კონტექსტში - დღეს რა სიტუაცია. ვართ გზა გასაყარზე, როცა უნდა გამოჩნდეს ქვეყანა სად მიდის, ერთი გზა არის დიალოგის გზა, მოლაპარაკებების მაგიდის გზა, მეორე გზა არის ის, რაზეც დღეს საუბრობენ ქართულ ოცნებაში, რომ ხვალ მელია მაინც უნდა დავიჭიროთ, არის კონფრონტაციის გზა. მთავარი სიგნალი მის ნომინირებაში არის ის რომ, ის წარმოადგენს მეორე გზას. ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ არანაირი კომუნიკაცია, დიალოგი, შერიგება და ხიდების შენება არ იქნება. პროცესი წავა ბოლომდე აგრესიისკენ. ეს დააჩქარებს ქართული ოცნების დასასრულს", - ამბობს ბაქრაძე. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა, ხოლო მმართველმა გუნდმა ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა

 


close დახურვა