logo
ENG



ბაქრაძე ევროსაბჭოს ანგარიშზე:ეს ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე ჩანაწერი იქნება

30 იან 202019:53
3 წუთის საკითხავი
 

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მმართველობას მწვავედ აკრიტიკებს ევროპა. ამ წუთებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დებატები უნდა დაიწყოს მონიტორინგის კომიტეტის იმ ანგარიშის დასამტკიცებლად, რომელიც „ქართული ოცნების“ მიმართ უაღრესად კრიტიკულია. დოკუმენტი კომიტეტის სხდომაზე უკვე განიხილეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემის დამტკიცება, რომელიც უკლებლივ ყველა პოლიტიკური აქტორისთვის იქნება მისაღები.

დოკუმენტში უარყოფითადაა შეფასებული ისიც, რომ ამ დრომდე არ არის გამოძიებული საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებისა და ძალადობის ფაქტები, ქართული ოცნება გაკრიტიკებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცედურისთვისაც. „ქართული ოცნება“ ეცადა, კომიტეტის სხდომაზე დღეს ანგარიშში შესწორებები შეეტანა, თუმცა „ფორმულას“ ინფორმაციით, მმართველი გუნდის დელეგაციამ ვერცერთი პუნქტის შერბილება ვერ შეძლო. იგივეს ეცდება „ქართული ოცნება“. 

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, დოკუმენტი იმპერატიულად მოითხოვს, რომ 2020-ის არჩევნები ჩატარდეს ოპოზიციასთან შეთანხმებული და მისთვის მისაღები საარჩევნო სისტემით.

„ეს დოკუმენტი იმპერატიულად მოითხოვს, რომ 2020-ის არჩევნები ჩატარდეს ოპოზიციასთან შეთანხმებული და მისთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. ეს ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე ჩანაწერი იქნება. ეს იქნება ოცნებისთვის კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმა, რომელიც ბოლო პერიოდში კრიტიკას იღებს ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან. დოკუმენტი, რომელიც მიიღო კომიტეტმა და მაღალი ალბათობით, მიიღებს პლენარული სხდომაც, იქნება სერიოზული განაცხადი ევროსაბჭოს მხრიდან“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ევროპელ პარტნიორებთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება.

„გრძელდება კონსულტაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. სწორედ ამას შეეხება ჩვენი მეგობრების წინადადებაც. გაგრძელდება კონსულტაციები და იმედია, ამ საკითხზე შეთანხმება იქნება მიღწეული“, - განაცხადა კობახიძემ. 


close დახურვა