logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: პროკურატურა ისეთი უსუსურია, მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის

22 სექ 202012:08
3 წუთის საკითხავი
clock 912

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა, მისი შვილის მკვლელების ნაცვლად, ადვოკატებს ებრძვის.

თამაზაშვილის თქმით, უწყების მიერ ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევა მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ის საქმეს ჩამოაშორონ.

"ამ კაცმა თავიდანვე განაცხადა, გამომიგზავნეს, მაგრამ ამის ავთენტურობაზე პასუხისმგებელი არ ვარო. მიზანმიმართულად ჩამოშორება უნდათ ამ საქმიდან რამიშვილის. იმდენად უსუსურია პროკურატურა, რომ მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის. მინდა მივმართო შოთაძეს ამის თაობაზე: ტელეფონში ისეთს ვერაფერს ნახავთ ჩემი შვილის გატანჯული სურათების გარდა და ფრთხილად იყავით, კოსმოსში როგორ ენერგეტიკასაც გაუშვებთ, ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ და 9 თაობაზე არ დაგიბრუნდეთ", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გუშინ, 21 სექტემბერს, პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. საქმის პროკურორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რომ რამიშვილის ტელეფონი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რადგან მასში დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არსებობს. რამიშვილი მომხდარს მის პირად სივრცეში შეჭრად აფასებს. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს განჩინებაში ეწერა, რომ ექსპერტიზა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან დაკავშირებულ მიმოწერას ნახავდა, თუმცა მობილურში სხვა ინფორმაციის კლონირებაც მოახდინეს.


close დახურვა