logo
ENG



პროკურორი: თუ მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიერ გაყალბდა, სამართლებრივად ვიმოქმედებთ

21 სექ 202022:43
3 წუთის საკითხავი
clock 930
emmoxhk2osc42k4.jpg

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. როგორც საქმის პროკურორი, დავით გურგენიძე აცხადებს, რამიშვილის ტელეფონი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, ვინაიდან, მისი განმარტებით, მასში დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არსებობს.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ტელეფონი ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თანხმობით დაილუქა.

დავით გურგენიძე ასევე ამბობს, რომ სატელიტების ფოტოებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დაადგენს, რომ მტკიცებულებების ფალსიფიკაცია კონკრეტული პირების მხრიდან მოხდა, პროკურორი ამ პირების მიმართ სამართლებრივ გადაწყვეტილებას არ გამორიცხავს.

"მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ნაწილში ჩვენს მიერ ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და საზოგადოება საბოლოოდ გაიგებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს გენერალური პროკურატურა, კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში თუ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, კონკრეტულად მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტი გარკვეული პირების მხრიდან, რა თქმა უნდა ჩვენ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას ნებისმიერ პირზე",-ამბობს დავით გურგენიძე.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, დავით ფურცხვანიძის მხრიდან მიწოდებული ფოტომასალის შესახებ პირველად 8 სექტემბერს განაცხადა. რამიშვილი თქმით ფოტომასალაზე სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო აღბეჭდილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 19 და 20 ივლისს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა, მისი აღმოჩენის ადგილას არ იდგა.

18 სექტემბერს პროკურატურამ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ფოტომასალა დამონტაჟებული და გაყალბებული იყო. 

სამართალდამცავმა უწყებებმა თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. 

 

 

 

 


close დახურვა