logo

ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი და ცენტრ ემპათიას ექსპერტები ზეწოლაზე საუბრობენ

clock 0 clock 78 clock 28 ივლ 202020:21

უკანონო თვალთვალი, სატელეფონო ზარები და სოციალურ ქსელში ორგანიზებული შეტევა - ცენტრ ემპათიას ექსპერტები და თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ორგანიზებულ ზეწოლასა და დაშინების კამპანიაზე საჯაროდ ალაპარაკდნენ.

მათი თქმით, თვალთვალისა და დაშინების კამპანია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ექსპერტები ბოლო პერიოდის ორ ყველზე გახმაურებულ - თამარ ბაჩალიაშვილისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეებში ჩაერთნენ. საგანგებო ბრიფინგზე ზეწოლისა და დაშინების კამპანიაში ხელისუფლება ღიად დაადანაშაულა ცენტრ ემპათიის წარმომადგენელმა მარინა ჯიშკარიანმა. ის დასახმარებლად დიპლომატიურ კორპუსსა და სახალხო დამცველს მიმართავს.

გამოძიებას უნდობლობას უცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახიც და საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას მოითხოვს. გარდა ამისა, ოჯახს სურს, რომ გამოძიება არა სამხარეო პოლიციამ, არამედ ცენტრალურმა აწარმოოს.  ამას გარდა, ოჯახი ბაჩალიაშვილის სამუშაო კომპიუტერის დროულად გახსნასა და სატელეფონო და ვიდეოჩანაწერების ამოღებას ითხოვს. ამასთან, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ავტომანქანის გახსნის პროცესში ჩართვასაც მოითხოვს. ის ამბობს, რომ გარდაცვლილის მანქანაში არსებული ნავიგაცია, ბევრ ინფორმაციას ინახავს.

რატომ ვერ გახსნეს თამარ ბაჩალიაშვილის როგორც პირადი ისე სამსახურეობრივი კომპიუტერი, რატომ არ დევს საქმეში სატელეფონო და დრონის ჩანაწერები? - ამ კითხვით „ფორმულამ“ რუსთავის სამხარეო პოლიცის დირექტორის მოადგილეს, ლადო ბაჭულაშვილს მიმართა, რომელსაც გარდაცვლილის ოჯახი ზეწოლაში ადანაშაულებს. მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქმე რთულია და დეტალებს ეტაპობრივად გაასაჯაროებს. პაროლის გახსნის სირთულეზე მიანიშნებენ კიბერუსაფრთხოების ექსპერტებიც, თუმცა ამბობენ, რომ პროფესიონალური კადრებითა და კარგი პროგრამის შემთხვევაში ამოცანა შედარებით მარტივი ამოსახსნელია.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს. მთავარი კითხვები ამ დრომდე პასუხგაუცემელია. კომპიუტერები კი, რომელიც ოჯახისა და ადვოკატის ვარაუდით ბევრ კითხვას გასცემს პასუხს ამ დრომდე დალუქულია. ადვოკატმა საქმეში ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვის მოთხოვნით საელჩოს უკვე მიმართა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა