ფინანსისტი გიგა ბედინაიშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემაში "კომეტარი" ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკის მიზეზებზე საუბრობს.
"ორი მიზეზია: ამერიკელების ინტერესებზე დარტყმა და ამერიკელების სურვილი, რომ ქვეყანაში კეთილდღეობა ამაღლდეს. ამისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მთლიანად საინვესტიციო სიტუაციის გაუმჯობესება.
ქართული ოცნების პოლიტიკა და ბიძინა ივანიშვილის ქმედებები ამერიკულ ბიზნესებს დაემუქრა. ამაზე, ბუნებრივია, ამერიკული ისთაბლიშმენთის რეაგირება იქნებოდა სხვადასხვა კუთხიდან - კონგრესი იქნება ეს, თუ მაიკ პომპეო.", - განაცხადა ბედინეიშვილმა.
ბედინეიშვილი ამბობს, რომ ამერიკელების კრიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში არსებულ განწყობებთან და ქვეყნის მთავარ გამოწვევებთან, რაც, მისი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებას არ ესმის.
"ქართული ოცნება, მგონი, ვერ აფასებს და ვერ ხვდება, რომ ამერიკელები აქაურ განწყობებს უსმენენ. ამერიკელების რისხვა ცარიელ ადგილზე არ წარმოიშვება ხოლმე. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეკონომიკური მდგომარეობა და ინვესტიციების შემცირება. ქვეყნის მოსახლეობის მოლოდინია, რომ ლარს რაღაცამ უშველოს და ეკონომიკა რამენაირად განვითარდეს", - ამბობს ბედინეიშვილი.
27 ივლისს 6-მა კონგრესმენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს საქართველოს შესახებ წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ "რუსი ოლიგარქი ივანიშვილი" და ქართული ოცნების ხელისუფლება რუსული, ჩინური და ირანული ინვესტიციების სასარგებლოდ საქართველოს კერძო სექტორიდან ამერიკულ ბიზნესებს აძევებენ.
კონგრესმენებმა პომპეოსთან შეხვედრა მოითხოვეს საქართველოს ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენებისთვის შემდგომი ნაბიჯების შესათანხმებლად.
27 ივლისს პომპეომ სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრ გახარიას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდა, რაც, მისი თქმით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ბოლო წლის განმავლობაში აშშ-ის არაერთმა კონგრესმენმა და სენატორმა საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკული წერილი მისწერეს, "ფრონტერასთან" და ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებული, ასევე საარჩევნო სისტემისა და მართლმსაჯულების პრობლემების საკითხების გამო.