რუსთაველის გამზირზე აქციის საორგანიზაციო სამუშაოები დაიწყო. უკვე შეწყვეტილია ტრანსპორტის გადაადგილება, მიმდინარეობს აქციისთვის განკუთვნილი სცენის მონტაჟი.
აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს სრულად დაიცავენ - აქციის მონაწილეებს შორის დაცული იქნება დისტანცია, ყველას ექნება პირბადე.
აქციის ორგანიზატორების თქმით, აქციაზე უნდა მივიდეს ყველა, ვინც აპროტესტებს რუსულ ოკუპაციას და აფასებს 20 ივნისს დაზარალებული ადამიანების მსხვერპლს.
„რამდენიმე მიზნით უნდა გამოვიდეთ. პირველ რიგში იმისთვის, რომ ვანახოთ - ძალიან ბევრნი ვართ, ვისაც რუსეთი არ უნდა. მეორე რიგში მგონია, რომ 20 ივნისს ბევრმა საკუთარი ჯანმრთელობა, ცხოვრება გვერდზე გადადო და გამოვიდა გარეთ - ამათაც უნდა ვცეთ პატივი", - ამბობს მარიამ გეგუჩაძე.
„შეცვალეს“ აქტივისტი ნიკა ფარულავა ამბობს, რომ აქციის მონაწილეები კვლავ გააპროტესტებენ ქართული ხელისუფლების შემრიგებლურ პოლიტიკას ოკუპანტ ქვეყანასთან - ის ხელისუფლებას პოლიტიკური რეპრესიების განხორციელებაში ადანაშაულებს.
„დღეს სერგეი გავრილოვმა გააკეთა სიმბოლური განცხადება, გამოიყენა სიტყვა, იმედია ხელისუფლება ჩაახშობს გადამტრიალებლობის ძალას და შემრიგებლური პოლიტიკით ესაუბრება რუსებს. დღეს ჩვენ გვყავს პოლიტპატიმარი, გვაქვს პოლიტიკური რეპრესიები და ეს აისახა თუნდაც ჩემს ოჯახზეც", - ამბობს ნიკა ფარულავა.
ანა ჭარხალაშვილი აცხადებს, რომ აქციის მოთხოვნები უცვლელია - პროპორციული არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.
„უცვლელია მოთხოვნები - პროპორციული არჩევნები, პოლიტპატიმარი რურუა უნდა გამოვიდეს ციხიდან და არ შევწყვეტთ ბრძოლას, სანამ ამას არ მივიღებთ. რუსეთი ვერ ეღირსება საქართველოში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია და მერე ჩვენ აქ ბოდიშები ვუხადოთ", - განაცხადა ანა ჭარხალაშვილი.
გიორგი ნონიაშვილი კი ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლების ქცევას არანაირი გამართლება არ ჰქონდა - მისი თქმით, გაბრაზებული მოქალაქეები კვლავ გააპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას და ხელისუფლების პოლიტიკას.
„მათ გამოიყენეს უკანონო საპოლიციო ძალოვანი ღონისძიებები და ამას გამართლება არ ჰქონდა, არც ხვალ ექნება გამართლება. ისევ ვიკრიბებით გაბრაზებული ხალხი და მოთხოვნები უცვლელია - გვგონია, რომ ოკუპაციისადმი და რუსეთის ხელისუფლებისადმი მთავრობის დამოკიდებულება არის მიუღებელი, რაც 20 ივნისს მოხდა არის მიუღებელი", - აცხადებს გიორგი ნონიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტები 2019 წლის 20 ივნისიდან, გავრილოვის ღამიდან ერთი წლის თავზე იკრიბებიან რუსთაველზე და კვლავ ოკუპაციასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ.