logo
ENG



ბეირუთზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას ჰეზბოლას მეთაური ემსხვერპლა

24 სექ 202419:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/24/jzfoklyz0o23ehq.jpg

ისრაელის საჰაერო ძალების თავდასხმას ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე ჰეზბოლას მეთაური ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მოკლული მეთაური იბრაჰიმ კუბაისია.

თავდასხმის შედეგად იბრაჰიმ კუბაისის გარდა კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, სამხრეთ უბნების დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.

მანამდე, ლიბანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გუშინ ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 558 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 50 ბავშვი და 94 ქალი, 1 835 ადამიანი კი დაიჭრა. 

ისრაელმა გააფრთხილა ლიბანის მოსახლეობა, დაეცალა რაიონები, სადაც, მათი თქმით, ჰეზბოლა იარაღს ინახავდა. პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანელი ხალხისთვის ვიდეომიმართვაც გაავრცელა.

მოსახლეობა სამხრეთ ლიბანის დატოვებას სასწრაფოდ ცდილობდა, რის გამოც ჩრდილოეთისკენ გზები გადაჭედილი იყო. ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.

ღაზას სექტორში ჰამასის წინააღმდეგ დაწყებული ომის თითქმის ერთი წლის თავზე, ისრაელმა თავისი ყურადღება ჩრდილოეთით, ლიბანზე გადაიტანა, საიდანაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა ისრაელის მიმართულებით რაკეტებს ისვრის.

ლიბანში საჰაერო დარტყმებს საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა. საუდის არაბეთმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ყველა მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის საზღვრისპირა ესკალაციას და ვაშინგტონი გეგმავს, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან "კონკრეტული გეგმა" განიხილოს, რათა ომის გაფართოება თავიდან აიცილონ.


close დახურვა