logo
ENG



ბეირუთში აფეთქებული ნივთიერება, სავარაუდოდ, 2013 წელს ბათუმიდან მოზამბიკში მიჰქონდათ

05 აგვ 202015:07
3 წუთის საკითხავი
 

რამდენიმე მედიის ცნობით, ბეირუთის პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატი, რომლის შენახვის წესების დარღვევას ასახელებენ მასშტაბური აფეთქების მიზეზად, 2013 წელს საქართველოდან მოზაბიკში გადაჰქონდა გემს სახელწოდებით Rhosus. ხსენებული გემი, მედიის ცნობით, მოლდოვის დროშის ქვეშ ცურავდა.

ეს ინფორმაცია ლიბანურმა ტელეარხმა LBCI  გაავრცელა მას შემდეგ, რაც ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომა დასრულდა.

Эхо Кавказа სწორედ ამ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბათუმის პორტიდან მოზამბიკისკენ მიმავალი გემი Rhosus, რომელიც ამონიუმის ნიტრატით იყო დატვირთული, 2013 წელს ბეირუთის პორტში გაჩერდამოგვიანებით ბეირუთის საბაჟო სამსახურმა ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და ხმელეთზე, პორტში დაასაწყობა, სადაც დღემდე ინახებოდა.

საუბარია 2,750 ტონა ნიტრატზე. ამ ნივთიერებას გამოიყენებენ როგორც სასუქად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, ასევე ასაფეთქებელი მასალის დასამზადებლად.

2015 წლის ოქტომბერში Shiparrested.com წერდა, რომ 2013 წლის 23 სექტემბერს, ხსენებული გემი, ბეირუთის პორტში ტექნიკური გაუმართაობის გამო შევიდა. შემოწმებისას ლიბანის მხარემ ექსპლუატაციის წესების მრავალმხრივი დარღვევა გამოავლინა და გემს გზის გაგრძელების უფლება არ მისცა. მფლობელმა გემი მიატოვა, ეკიპაჟი კი გაუმართავ გემზე დარჩა საკვების, წყლისა და საწვავის შეზღუდული მარაგით, რომელიც მალე ამოიწურა. იურისტებისა და დიპლომატების ალისხმევით, 2014 წელს ეკიპაჟმა გემი დატოვა, ტვირთი კი შესანახად ნაპირზე გადმოტვირთეს.

"მედიაზონა" წერს, რომ გემი Rhosus იმ დროისთვის კიპრზე მყოფ რუს ბიზნესმენს იგორ გრეჩუშკინს ეკუთვნოდა. გამოცემას მეზღვაურების სიტყვები მოჰყავს. ისინი ყვებიან, რომ მფლობელმა გემი "პრაქტიკულად მიაგდო". ამავე ცნობებით, გემის ეკიპაჟიდან 8 უკრაინელი იყო. ისინი უკრაინის საკონსულოს დაუკავშირდნენ, 5 მათგანი სამშობლოში დაბრუნდა, გემზე კი 4 მეზღვაური დარჩა - სამი უკრაინელი და ერთი რუსი. მათ ლიბანის დატოვება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოახერხეს.

ლიბანური მედიის ცნობით, ბეირუთის პორტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საწყობთან წვდომა არავის ჰქონდა, თუმცა, ბოლო პერიოდში ინსპექციამ გამოავლინა, რომ იქ შეღწევა შესაძლებელი იყო კედლის ნაპრალიდან, კარს კი ახალი საკეტი სჭირდებოდა. აფეთქება სწორედ კარის შესაკეთებელი სამუშაოების დროს მოხდა.

ლიბანის დედაქალაქში 4 აგვისტოს მომხდარ ორ აფეთქებას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროის ცნობებით, გარდაცვლილია სულ მცირე ასი და დაშავებულია 4000-ზე მეტი ადამიანი.

 


close დახურვა