logo
ENG



ბელარუსები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და საბრძოლო ტექნიკას აზიანებენ

21 მარ 202215:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/21/83j977ia492q39d.jpg

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას უფროსი მრჩევლის, ფრანაკ ვიაჩორკას განცხადებით, ბელარუსში მოქალაქეები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და საბრძოლო ტექნიკას აზიანებენ.

"ბელარუსი პარტიზანების მიწაა. ჩვენი გმირები აჩერებენ რუსულ მატარებლებს, აზიანებენ აღჭურვილობას და ბელარუს ჯარისკაცებს უკრაინაში ომის შესახებ ბროშურებს ურიგებენ, რათა ისინი უკრაინაში საბრძოლველად არ წავიდნენ. უკრაინა გაიმარჯვებს, ბელარუსიც გათავისუფლდება“, – წერს ვიაჩორკა Twitter-ზე.

მანამდე, 20 მარტს უკრაინის რკინიგზის სამსახურის, Ukrzaliznytsia-ს ხელმძღვანელმა ოლექსანდრ კამიშინმა Nastoyaschee Vremya-ს ეთერში განაცხადა, რომ ბელარუსის რკინიგზის თანამშრომლების დამსახურებით უკრაინასა და ბელარუსს შორის სარკინიგზო კავშირი გაწყვეტილია.

კამიშინის თქმით, ამით ბელარუსის რკინიგზის თანამშრომლები რუსულ ჯარებს უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის რკინიგზით შეტანაში ხელს უშლიან.

კამიშინი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ბელარუსის რკინიგზაში "კვლავ არიან პატიოსანი ადამიანები", რისთვისაც მათ მადლობას უხდის.


close დახურვა