logo
ENG



ბელარუსში ანტისამთავრობო აქციებზე 230-მდე ადამიანი დააკავეს

21 სექ 202009:38
3 წუთის საკითხავი
clock 391

მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში კვლავ სამართალდამცველებთან დაპირისპირებით დასრულდა, დაკავებულია  აქციის 230-მდე მონაწილე. დაპატიმრებულებს შორის ჟურნალისტები და უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც არიან.

მრავალათასიანი მსვლელობები მისნკში, გროდნოში, გომელში, ბრესტსა და მოგილევში გაიმართა. ბრესტში სპეცდანიშნულების ძალებმა მომიტინგეების დაშლა ცრემლმდენი გაზის გამოყენებით სცადეს. დემონსტრანტების დაკავების დროს სროლის ხმაც ისმოდა.

უკვე 43-ე დღეა, ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია.

ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 10%-ის მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დააკავეს.


close დახურვა