logo
ENG



ბელგოროდის გუბერნატორი მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში ჯერ არ დაბრუნდნენ

23 მაი 202310:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/23/chkc1z2rtu8uzrs.jpg

ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში ჯერ არ დაბრუნდნენ - ამის შესახებ ის ტელეგრამ არხზე წერს და აღნიშნავს, რომ შეტაკებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"ამ დროისთვის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ცნობები არ არის. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ყველა საჭირო ქმედება ხორციელდება. გუშინ გამოცხადებული კონტრტერორისტული ოპერაციის დასრულებას ველოდებით", - წერს ის.

რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ბელგოროდის ოლქში დაძაბული ვითარებაა - გუშინ იყო აფეთქებებიც. რეგიონში ვითარება 21 მაისს, გვიან ღამით დაიძაბა. გუშინ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ "უკრაინელი დივერსანტები" ცდილობენ ბელგოროდის ოლქში შეღწევას - მოგვიანებით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათი საკონტროლო გამშვები პუნქტი სახელწოდებით გრაივორონი, რომელიც ბელგოროდის ოლქში მდებარეობს, ალყაში მოაქციეს.

ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია". პესკოვი ამბობს, რომ "უკრაინის დივერსიის მიზანი ბახმუტის მიმართულებით არსებული სიტუაციიდან ყურადღების გადატანაა".

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ "უკრაინა პირდაპირ არ არის დაკავშირებული ბელგოროდის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან". 

”ერთადერთი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა ტოტალიტარულ ქვეყანაში - ყოველთვის გარდაუვალი ხდება პარტიზანული მოძრაობა, რომელიც იარაღით ხელში იბრძვის", - თქვა პოდოლიაკმა. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინა ინტერესით ადევნებს თვალს ბელგოროდის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, მაგრამ უშუალოდ არ არის მასთან დაკავშირებული.

უკრაინულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ ბელგოროდში ოპერაციას რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ატარებენ.


close დახურვა