logo
ENG



ბერაია კონგრესმენების წერილზე: ტეხასელები არიან, საარჩევნო ვალდებულებითაა განპირობებულია

30 ივლ 202013:19
3 წუთის საკითხავი
clock 607
uas3xskwhpl5alz.jpg

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოგზავნილ წერილს "უსაფუძვლოს" უწოდებს.

ბერაიას თქმით, წერილი შინაარსობრივად აბსოლუტურად აცდენილია რეალობას:

„ეს არის მორიგი უსაფუძვლო წერილი, რომელსაც ხელს აწერს კონგრესმენი მალინი, მისი მხრიდან არც არის გასაკვირი, ეს არის ფრონტერას მესიჯ-ბოქსის გაგრძელება მისი მხრიდან. თავისთავად, ის, რომ წერილში ჩამოთვლილი ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამება, გასაკვირი არ არის. ერთ-ერთი დეტალი, რაც წერილშია მითითებული, რომ საქართველოში არ განხორციელებულა საარჩევნო რეფორმა და არ განხორციელებულა ცვლილებები, ნათლად ადასტურებს, რომ წერილი შინაარსობრივად აბსოლუტურად აცდენილია რეალობას“, - აცხადებს ბერაია.

მისი თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე. მმართველი გუნდის დეპუტატს ამის დასტურად მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარი მოჰყავს.

„ამას ადასტურებს როგორც პოლიტიკური ორპარტიული მხარდაჭერა, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობა და ამის ნათელი მაგალითია სატელეფონო საუბარი პრემიერ გიორგი გახარიასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის, სადაც საუბარი იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, სადაც დადებითი შეფასება დაიმსახურა საქართველოში განხორციელებულმა რეფორმებმა. ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან არანაირი პრეტენზიები არ არსებობს“, - აცხადებს ბერაია.

დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ხელმომწერი კონგრესმენები არიან ტეხასელები და წერილი გარკვეულწილად განპირობებულია იმ პოლიტიკური ლანდშაფტით, რაც მათ საარჩევნო ვალდებულებებს უკავშირდება.

„ესენი არიან, რეალურად, ტეხასელი კონგრესმენები. გვესმის მათი პოზიციებიც, ეს გარკვეულწილად განპირობებულია იმ პოლიტიკური ლანდშაფტით, რაც მათ საარჩევნო ვალდებულებებს უკავშირდება. ამავდროულად, ფრონტერას ლობისტების მხრიდან, დარწმუნებული ვარ, ხდება არაზუსტი და მცდარი ინფორმაციის მიწოდება, რაც ჩვენ კოლეგა პარტნიორებს უქმნის გარკვეულ უხერხულობას, ეს წერილიც ამის დადასტურებაა“, - აცხადებს ბერაია.

6 კონგრესმენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს წერილს წერს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი "რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული. კონგრესმენები სახელმწიფო მდივანს წერენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მიზანმიმართულად აძევებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოს კერძო სექტორიდან და ადგილს რუსულ, ჩინურ და ირანულ კომპანიებს უთმობს. 

რაც შეეხება მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერის სატელეფონო საუბარს, სახელწმიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემდგომი ნაბიჯების გადადგმისკენ და გააფრთხილა ხელისუფლება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე.


close დახურვა