ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა რუსეთის ჯაშუშობა აღიარა - მას ბრალი საელჩოს შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გამჟღავნებაში ედებოდა, დანაშაული 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედია წერს, რომ 58 წლის დეივიდ ბალანტინ სმიტმა 8 ბრალდება აღიარა, მათ შორის ბრიტანელი საჯარო მოხელეების პირადი ინფორმაციის გაცემის შესახებ. პროკურორების თქმით, სმიტმა რუსეთის სამხედრო ატაშეს გერმანიაში მიაწოდა მათი საქმიანობის დეტალები, ვინაობა, მისამართები და ტელეფონის ნომრები. ის ასევე აგროვებდა ინფორმაციას საელჩოს ფუნქციონირებისა და განლაგების შესახებ, რაც სასარგებლო იქნებოდა რუსეთის სახელმწიფოსთვის.
სამართალდამცავებმა სმიტი 2021 წლის აგვისტოში პოტსდამში, გერმანიაში დააკავეს. მოგვიანებით, ბრიტანეთის ანტიტერორისტული პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, მისი ექსტრადირება მოითხოვეს - სმიტი ბრიტანეთის აპრილში დაბრუნდა.