პარლამენტი დღეს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. სამ საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელსაც ოპოზიციაც დაესწრება. შესატანი ცვლილებებით კოდექსში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების ასახვა უნდა მოხდეს, რომელიც არაერთ მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, გენდერული კვოტირება და საარჩევნო რეკლამა.
დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, პარტიაში სამში ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. როგორც ბესელია აღნიშნავს, 120 კაციან პროპორციულ სიაში ეს თანასწორობის გარანტიას მეტად შექმნის.
„ჩემი ვერსიაა რომ მინიმუმ სამში ერთი იყოს განსხვავებული სქესის რაც თანასწორობის იდეასთან უფრო მეტად არის ახლოს რა ტქმა უნდა ესეც არ არის იდეალური, მაგრამ უფრო ახლოს არის იმიტომ რომ 120 კაციან პროპორციულ სიაში გარანტიას შექმნის, რომ 40 ქალი მაინც იქნეს მომავალ პარლამენტში და თუ მაჟორიტარებიდან ვინმე დაემატება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“,- აცხადებს ეკა ბესელია.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბესელიას საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში პრობლემურად მიაჩნია, ხელმოწერების შეგროვებაა. ბესელიას განმარტებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის, პარტიას 5000 ხელმოწერა სჭირდება, თუმცა მისი თქმით, პანდემიის პირობებში მოკლე ვადაში პარტიები დარეგისტრირებას ვერ მოასწრებენ.
„კიდევ ერთი საკითხია პრობლემური, ხელმოწერების შეგროვება იმისთვის რომ პარტიები დარეგისტრირდნენ და მათ უფლება მიეცეთ და მათ უფლება მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობისთვის, ახლა არის ამ პროექტში 5000 ხელმწორე. ამ პანდემიის პირობებში ასეთ მოკლე ვადაში არჩევნებამდე იქნება წინაღობა პარტიებისთვის, რომ ისინი შეიძლება ვერ დარეგისტრირდნენ“,-განაცხადა ბესელიამ.
საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დღეს პარლამენტში ასევე იმსჯელებენ თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს პანდემიის პირობებში არჩევნები.
ამასთან 29 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებებს მხარი დაუჭირა და ის 120/30-ზე მანდატების გადანაწილებით ჩატარდება.