ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ „ოცნების“ პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მიუხედავად დიალოგის სურვილისა, მმართველმა პარტიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს პროცესი ყოველგვარი შინაარსისგან დააცარიელა.
ჰერჩინსკის თქმით, დემოკრატიული უკუსვლის, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის, ოპოზიციის აკრძალვის მუქარისა და ევროკავშირზე თავდასხმების ფონზე შეუძლებელია სერიოზულმა ინსტიტუტებმა „ოცნების“ ხელისუფლების შეთქმულების თეორიებზე — „დიპ სტეიტსა“ და „გლობალური ომის პარტიაზე“ იმსჯელონ.
დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტრუქციული დიალოგის დასაწყებად პირველ რიგში ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანია უნდა შეწყდეს. ჰერჩინსკიმ ასევე უპრეცედენტო უწოდა „ოცნების“ მცდელობას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს.
