ბესიკ თამლიანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო.
თამლიანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, 1000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა თამლიანის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა დააყენა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ თამლიანის მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობდა.
„მიგვაჩნია, რომ დღევანდელი მოსამართლის გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს იმ გონივრული ეჭვის სტანდარტს, რის გამოც შეიძლება ადამიანი იმყოფებოდეს საპატიმროში. კარგად დავასაბუთეთ, რომ არ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე და თუ ასეთი საფრთხე მიაჩნია სასამართლოს, რომ მაინც არის, შევთავაზეთ, რომ გაეკეთებინათ მისთვის ელექტრონული სამაჯური, ვუთხარით, რომ ამოწურულია ბრალდების მხარის დაკითხვა და შესაბამისად აღარ არსებობს შესაძლებლობა, მათზე მოხდეს ზემოქმედება. წარვადგინეთ უამრავი დოკუმენტი, რომელიც ახასიათებს ბესიკ თამლიანს , როგორც ძალიან დადებით პიროვნებას. არანაირი წინაპირობა, რომ მისი პატიმრობა კიდევ გაგრძელდეს, კანონის თანახმად აღარ არსებობს. სასამართლომ სამწუხაროდ მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც აბსოლიტურად არ ვეთანხმები“, - აცხადებს თამლიანის ადვოკატი ლევან იოსელიანი.
შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ბესიკ თამლიანს გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.