ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ამსახველი კადრების გავრცელებას აფასებს.
"სააკაშვილის კადრების გასაჯაროება სააკაშვილის დამცირების მცდელობაზე მეტია. ეს პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი უპატივცემულობაზე და სახელმწიფოს პარტიის სასარგებლოდ მიტაცებაზე მეტიც არის.
დღეს მოსახლეობის მესამედს თუ ნახევარს, ვინც სააკაშვილის მხარდამჭერია, გული შურისძიების სურვილით აუვსეს.
ხელისუფლება გამოსავალს არ ეძებს, არ აინტერესებს ქვეყნის სტაბილური ცხოვრება. ქარს თესავენ ქარიშხლის მოსამკელად.
სახელმწიფო ქართულმა ოცნებამ მიიტაცა, ქართული ეკლესია - შიო-ჯაღმაიძის უკიდურესად არაჰუმანურმა და პრორუსულმა ჯგუფმა.
ამ რეალობაში ბევრ არაკანონიერ ქმედებას შეიძლება მიეცეს მორალური ლეგიტიმაცია. ისე ჩანს, რომ სწორედ აქეთკენ უბიძგებენ ოპოზიციას, რათა უკანონობამ ოპოზიციის მასობრივი რეპრესირების სამართლებრივი საფუძველი წარმოშვას.
არ უნდა წამოეგონ! ცივი გონებით არის ქმედება საჭირო. ოპოზიციის შეცდომების გარეშე, ხელისუფლება თავისთვის (ქვეყანაზე აღარ გვაქვს საუბარი) სასარგებლო გამოსავალს ვერ იპოვის.
ამ მხრივ, სწორი იყო სააკაშვილის განცხადება, რომ ის მზადაა სტრასბურგის მოწოდება გაითვალისწინოს, დათმობაზე წავიდეს და შეწყვიტოს შიმშილობა, თუ ხელისუფლებაც წავა დათმობაზე.
მან ტვირთი ხელისუფლების მხარეს გადაიტანა. ხელისუფლებას თუ არ ექნება შემხვედრი პოზიცია და არ დათმობს, შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ვერც ქვეყნის შიგნით გაამართლებს ვინმე და ვერც გარეთ. ამას 24 ნოემბერს, სავარაუდოდ, მოჰყვება სტრასბურგის ძალიან მკვახე განცხადება". - წერს ბექა კობახიძე.
***
8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანეს.
11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.
ვიდეომასალის მიხედვით, რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მიათრევს. 8 ნოემბერს, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო საავადმყოფოში მიჰყავდათ. როცა ტყუილის შესახებ შეიტყო, ექსპრეზიდენტმა რუსთავის ციხეში დაბრუნება მოითხოვა და კლინიკაში შესვლაზე უარი განაცხადა.
ადვოკატების განცხადებით, კადრებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 42 დღეა, დაპატიმრებულია და შიმშილობს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.
11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დაემორჩილება ECHR-ის გადაწყვეტილებას და შეწყვეტს შიმშილობას, თუ ასევე მოიქცევა ხელისუფლებაც და მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსოლიუმი იზრუნებს.