განგაშის სიგნალი ხელისუფლებას მეწარმეებისგან - ქვეყანაში არსებული ეკონომიკური შოკი მძიმე კრიზისში რომ არ გადაიზარდოს, ხუთი ბიზნესგაერთიანება მთავრობისგან სასწრაფოდ რეაგირებას მოითხოვს.
ყველა დარგის მსხვილი, საშუალო თუ მცირე, ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები ხელისუფლებას სთავაზობენ ცვლილებებს, რომელიც ეკონომიკას, მათი თქმით, კატასტროფისგან დაიცავს.
დროებით შეჩერდეს საშემოსავლო გადასახადის და საპენსიო შენატანების გადახდა, შეიცვალოს დღგ-ის დაბეგვრის წესი, გადახდის ვალდებულება კი საქონლის რეალიზაციის შემდეგ დადგეს - სწორედ ესაა სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპანიებისთვის.
ბიზნესორგანიზაციების მიმართვას იზიარებს ოპოზიცია, რომლის ანტიკრიზისული გეგმაც თითქმის ერთი თვეა, მთავრობის მიერ იგნორირებულია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ბიზნესს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება და არა დამატებითი შეზღუდვები, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაუსაბუთებლად აწესებს. ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი კი ამ დრომდე დუმს.