logo
ENG



ბიძინა კულუმბეგოვი: აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება

10 დეკ 202010:11
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/10/dx49tbze4shfqez.jpg

იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება.

„მიუხედავად იმისა, რომ 65%-მდე გაიზარდა პირბადის ტარება, რაც ძალიან კარგია, ჩვენ ეს არ გვაწყობს. აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება, რაც მოგვცემს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მთავრობამ 28 ნოემბრიდან, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ახალი შეზღუდვები აამოქმედა. 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. 

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში (თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში) და სათხილამურო კურორტები (ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში) სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა დაიკეტა ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

რაც შეეხება, საკვებ ობიექტებს ისინი მხოლოდ გატანის (takeaway) და მიტანის (delivery) რეჟიმში მუშაობენ, ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები.

ასევე შეიზღუდა სპორტული, კულტურული და სახელოვნებო სტუდიებისა და წრეების საქმიანობა.

რაც შეეხება ეპიდსიტუაციას, სულ ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 174 383 შემთხვევა, მათგან 145 287 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 614 კი გარდაიცვალა.

 


close დახურვა