ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბას განცხადებით, ბიჭვინთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმებაში ცვლილებები შევა.
არძინბა ამბობს, რომ ცვლილების მიხედვით, ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკის" მესამე პირისთვის გადაცემა აკრძალული იქნება.
"ამ საკითხზე პრეზიდენტისთვის ანგარიშს ვამზადებ. მედიასაც შევატყობინებთ ინფორმაციას", - თქვა არძინბამ.
მისივე თქმით, ცნობები თითქოს ამ ტერიტორიას ვინმე მესამე პირს გადასცემენ "ჭორებია".
ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულმა რუსეთის ე.წ საელჩომ "ბიჭვინთის" ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთს 49 წლით გადაეცემა სასტუმრო, მიწის ტერიტორია და ზღვის აკვატორიის ნაწილი, წელიწადში 1 რუბლის ფასად.
2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, სამთავრობო აგარაკი "ბიჭვინთა" რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა.
ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.
დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.
პირველ სექტემბერს თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ იმ შეთანხმების რატიფიკაციის მომხრეა, რომელიც რუსეთისთვის სამთავრობო აგარაკი "ბიჭვინთის" გადაცემას გულისხმობს