
ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულმა რუსეთის ე.წ საელჩომ "ბიჭვინთის" ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების დოკუმენტი გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით, რუსეთს 49 წლით გადაეცემა სასტუმრო, მიწის ტერიტორია და ზღვის აკვატორიის ნაწილი, წელიწადში 1 რუბლის ფასად.
"ობიექტი, მიწის ნაწილი, რომელზეც განლაგებულია ობიექტი და მასთან დაკავშირებული ზღვის აკვატორიის ნაწილი რუსეთის მხარეს გადაეცემა გამოყენებისთვის 49 წლის ვადით, ყოველწლიურად 1 რუბლის სანაცვლოდ" - წერია შეთანხმებაში.
დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთი რუსეთს ამ ტერიტორიებს შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს და რუსეთი იღებს პასუხისმგებლობას მიწისა და ზღვის ამ ნაწილების მდგომარეობასა და მათ საზღვრებზე.
შეთანხმების მიხედვით, რუსეთის მხარეს აფხაზეთის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე მშენებლობების დაწყების უფლება ენიჭება. ნებისმიერი მშენებლობის და მათი შენარჩუნების პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება და ეს ნაგებობები რუსეთის საკუთრებაში იქნება.
შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ტერიტორიას რუსეთი სამთავრობო ღონისძიებების გამართვისა და ოფიციალური პირების დასვენებისთვის გამოიყენებს.
„რუსეთის მხარე ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის აკვატორიის ნაწილს გამოიყენებს სამთავრობო ღონისძიებების გასამართად, რომელშიც სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირები მიიღებენ მონაწილეობას მიიღებენ და ასევე მათი გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის" - წერია დოკუმენტში.
შეთანხმების მიხედვით, რუსეთის მხრიდან ობიექტის ექსპლუატაციამ აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის სუვერენიტეტს უსაფრთხოებას, პოლიტიკურ, საომარ, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ინტერესებს საფრთხე არ უნდა შეუქმნას.
მხარეებს შორის შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულება 49-წლიანი ვადით დაიდო და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 15 წლის განმავლობაში. თუ ვადის ამოწურვამდე რომელიმე მხარეს ხელშეკრულების გაუქმების სურვილი ექნება, მან ამის შესახებ 6 თვით ადრე უნდა განაცხადოს. ამ გზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია არ დაკარგავს ობიექტსა და მასთან დაკავშირებულ ტერიტორიაზე საკუთრების უფლებას.
2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, სამთავრობო აგარაკი "ბიჭვინთა" რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა.
ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.
დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.
პირველ სექტემბერს თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ იმ შეთანხმების რატიფიკაციის მომხრეა, რომელიც რუსეთისთვის სამთავრობო აგარაკი "ბიჭვინთის" გადაცემას გულისხმობს