ევროპული საქართველოს წევრებმა და მხარდამჭერებმა საწვავის ფასის მატებასთან დაკავშირებით აქცია-პერფომანსი გამართეს.
პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო საწვავის ფასებთან დაკავშირებით კამპანიას დაიწყებს და ამ საკითხს მთავრობას ყოველ დღე შეახსენებენ.
მისივე განცხადებით, საწვავის ფასის შემცირებისთვის აუცილებელია აქციზის გადასახადის გაუქმება.
როგორც ბოკერია აღნიშნავს, "ივანიშვილის რეჟიმმა აქციზის გადასახადი საკუთარი პოლიტიკური ნეპოტიზმისა და კორუფციისთვის გაზარდა".
"არის ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ აისახება ყველა ოჯახის შემოსავალზე, აისახება ყველა პროდუქტის ფასზე. ეს არის საწვავის ფასი, რომელიც საერთაშორისო ფასებს რომ თავი დავანებოთ, რომელიც ჩვენი მთავრობის კონტროლის მიღმაა, ივანიშვილის რეჟიმმა გაზარდა, როცა გაგვიზარდა ყველას აქციზის გადასახადი იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ნეპოტიზმისთვის და ბიუროკრატიისთვის, მავნებლობისთვის და კორუფციისთვის მეტი ფული ჰქონოდა.
მარტივი ნაბიჯით, აქციზის გადასახადის გაუქმებით, შესაძლებელია ავტომატურად საწვავზე ფასის 40 თეთრით შემცირება, რაც შემდეგ ყველაფრის ფასზე აისახება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საქართველოში წინა წელთან შედარებით საწვავის ფასი ორნახევარჯერ გაიზარდა. ბენზინის ღირებულება სამ ლარს გასცდა.
საწვავზე ფასის მატებასთან დაკავშირებით მოქალაქეებმა არაერთი აქცია გამართეს.