logo
ENG



ბოკერია: ჩაწყობა ბუნებრივ ამბად იქცა და ეს ინდექსებშიც გამოჩნდება

23 იან 202017:28
3 წუთის საკითხავი
 

კორუფციის ინდექსის აღქმის კუთხით, საქართველოს მდგომარეობის გაუარესებას მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეხმაურებიან. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, კორუფციის აღქმის ინდექსის გაუარესება საქართველოში, ბუნებრივი ამბავია.

„სამწუხაროდ, ბუნებრივია ეს ამბავი. პრობლემა ინდექსი კი არაა, უბრალოდ, ასახავს იმ ტენდენციას, რაც არის. როდესაც ხელისუფალი ივანიშვილი მოდის და გეუბნება ჩაწყობა და ქრთამი, ეს ქართველების ბუნებაა და ეს ასეც უნდა იყოსო. ჩაწყობა ბუნებრივ ამბად იქცა და ეს ინდექსებშიც გამოჩნდება. პირველ რიგში, ეს გვირტყამს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს“, - აცხადებს ბოკერია.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი მხოლოდ სკამების შენარჩუნებაზე ფიქრობს. 

„კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მდგომაროება გაუარესდა. რეგიონში ლიდერობა დავკარგეთ აბსოლუტურად ყველაფერში. ქართული ოცნების მხრიდან ერთადერთ რამეს ვხედავთ - როგორ შეინარჩუნონ სკამები, როგორ იშოვნონ მეტი ფული“, - აცხადებს ვაშაძე.

 მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი კი მიიჩნევს, რომ ხელშეუხებელი არავინაა.

„ჩვენი სახელმწიფო კორუფციასთან ბრძოლის მხრივ ქმედით ნაბიჯებს დგამს. თუ ჩვენ უსაფრთხოების სამსახურის ბოლოდროინდელ ანგარიშებს ვნახავთ, რომ ამ კუთხით ეფექტიანურად მიმდინარეობს საქმე. ხელშეუხებელი არავინაა. ვინც კი გაბედავს და კორუფციულ დანაშაულში იქნება შემჩნეული, კანონის სრული სიმკაცრით იქნება რეაქცია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს 100 შესაძლოდან 56 ქულა აქვს და 180ც ქვეყნას შორის 44-ე ადგილს იკავებს. წინა წლის ინდექსის მონაცემებთან შედარებით საქართველოს წლევანდელი მონაცემები გაუარესებულია. 2018 წლის ინდექსში საქართველო 58ე ადგილს იკავებდა


close დახურვა