ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში რომც შევიდეს, ეს ივანიშვილს "ვერც ვერაფერს აძლევს".
როგორც მან განაცხადა, უკვე გაფორმებულია, რომ პოლიტიკური სპექტრი არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
"ერთ, ორ ან სამ ადამიანზე ხომ არ არის ლაპარაკი. ეს ამბავი უკვე გაფორმდა, რომ პოლიტიკური სპექტრი არ ახდენს ლეგიტიმაციას გაყალბებული არჩევნების. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პოლიტიკურ სპექტრს ჰქონდა მყარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა ბოკერიამ.
პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე ამბობს, რომ ის საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს. მისი თქმით, ჯერ არ გადაუწყვეტია, როდის შევა პარლამენტში. ამასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტია პარლამენტში არ შედის, ენუქიძე კი შემომწირველია და თავის ქმედებებში თავისუფალი.