logo
ENG



ბოკერია ბარიერის დაწევაზე: თემა აქტუალური გახდება მაშინ, როდესაც ვადამდელი დაინიშნება

25 მარ 202114:15
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია ბარიერის დაწევაზე: თემა აქტუალური გახდება მაშინ, როდესაც ვადამდელი დაინიშნება

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბარიერის დაწევა გახდება აქტუალური მაშინვე, როდესაც დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, თუმცა პოლიტიკურ კრიზისში ამ პროექტის ინიცირება გამოიყურება როგორც არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობად. კონსტიტუციური პროექტით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. 

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ბარიერის დაწევა ოპოზიციის ერთიანი პოზიციაა, თუმცა ეს ყველაფერი ზოგადად კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს და ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა

"როგორც კი დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მაშინვე აქტუალური გახდება ბარიერის დაწევა, რომელიც არის ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. მე პირადად ვთვლი, რომ 2%-მდე დაწევაც შეიძლება ამ კონკრეტულ ვითარებაში, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ზოგადად კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს, ანუ ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიყურება რაღაც არალეგიტიმური პარლამენტის უბრალოდ ლეგიტიმაციის მცდელობად, ისე რომ რეალურად კრიზისი არ განიმუხტოს ქვეყანაში", - განაცხადა ბოკერიამ. 

გარდა საარჩევნო ბარიერისა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, 4 დეპუტატს ფრაქციის შექმნა შეეძლება.

საკონსტიტუციო ცვლილებები ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მომზადდა. მემორანდუმი 2 მარტს გაფორმდა. მოქალაქეების წევრები, ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში, როგორც თავად თქვეს, იმ პირობით შევიდნენ, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა მოხდებოდა. 

ცვლილებებს სჭირდება პარლამენტის 113 წევრის ხმა. დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტში 96 დეპუტატი იმყოფება. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა.


close დახურვა