logo
ENG



ბობოხიძის თქმით, პრაიმერიზის შედეგებს ჩერგოლეიშვილის მხრიდან "მიუღებელი" შეფასება მოჰყვა

01 აგვ 202422:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/01/leduxc95iqfc606.jpg

ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ პალიტრანიუსის გადაცემა პოლიტიკურ სივრცეში პარტიაში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, გიგა ბოკერიას, თამარა ჩერგოლეიშვილისა და მათი თანამოაზრეების მიერ ევროპული საქართველოს დატოვების შესახებ ისაუბრა. 

მან თქვა, რომ კონფლიქტი საპარლამენტო სიის გამო არ დაწყებულა და აღნიშნა, რომ პარტიაში განხეთქილების მიზეზი არ არის პრაიმერიზის წესებზე ვერ შეთანხმება. მისი თქმით, "აბსოლუტურად მიუღებელია" შეფასებები, რომელიც მოჰყვა პრაიმერიზის შედეგებს თამარა ჩერგოლეიშვილის მხრიდან. 

კერძოდ, ბობოხიძის თქმით, თავი იჩინა ჩერგოლეიშვილის მკვეთრმა შეფასებებმა, კატეგორიულად მიუღებელი ფორმით: "ჩვენი ამომრჩევლები დავყოთ სოფლელებად და ქალაქელებად, ცხვრის ფარად და რაღაც მაღალი ხარისხის ამომრჩევლებად".

"პრაიმერიზის წესებზე ვერ შეთანხმება სრულიად არაბუნებრივია. პრაიმერიზის წესებზე რომ ვერ შევთანხმებულიყავით, პრაიმერიზი არ ჩატარდებოდა. პირიქით, მეორე მხარეც აღიარებს, რომ პრაიმერიზი ჩატარდა ძალიან კარგად, მოწესრიგებულად, ნეტავ ასე ჩვენი ქვეყნის არჩევნები ტარდებოდეს. მივიღეთ შედეგი, რაც მივიღეთ. აქ პრაიმერიზის შედეგებზე ლაპარაკი საერთოდ არ არის, ლაპარაკი არის გიგა ბოკერიას კონკრეტული მოქმედების შეფასების სურვილზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ქალბატონი თამარის მოქმედების შეფასების სურვილზე ასევე პოლიტსაბჭოზე.

გიგა ბოკერიას მოქმედებაზე არ ვილაპარაკებ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ის შიდა პარტიული გადაწყვეტილება იყო ჩემი აზრით, გიგას მხრიდან სრულიად უპასუხისმგებლო, მაგრამ მეორე ნაწილი, ქალბატონი თამარის პასუხისმგებლობის ნაწილი როდესაც დაისვა, დაისვა იმ მკვეთრი შეფასებების გამო, რომელიც სამწუხაროდ, ქალბატონ თამარს ახასიათებს და ამ შეფასებებმა უკვე გადაინაცვლა არა პოლიტიკურ პარტნიორებთან ჩვენი, თუ სხვა პარტიებთან, არამედ ჩვენს ამომრჩეველთან დამოკიდებულებაზე და ახლა, მაპატიეთ - ჩვენი ამომრჩევლები დავყოთ სოფლელებად და ქალაქელებად, ცხვრის ფარად და რაღაც მაღალი ხარისხის ამომრჩევლებად, ჩემი აზრით, კატეგორიულად მიუღებელია. [...]

ის მკვეთრი შეფასებები, რომელიც, სამწუხაროდ, ქალბატონ თამარს ახასიათებს და აქაც თავი იჩინა აწ უკვე კატეგორიულად მიუღებელი ფორმით, თურმე, სადღაც რაიონებში ცხვარი და ფარაა და ამას საკუთარ ამომრჩეველზე ამბობს. თურმე, აკაკი ბობოხიძისა და გიგი წერეთლის მხარდამჭერ სიას ვინც ხმას აძლევს, ის ცხვარია და ვინც ქალბატონ თამარის სიას უჭერდა მხარს, ის მაღალიდეურია. ადამიანებს არ უნდა აკადრო ის, რაც ქალბატონმა თამარმა იკადრა და ეს იყო ნამდვილად ძალიან მძიმე სიტყვიერი და დამოკიდებულებითი კონფლიქტი.", - ამბობს ბობოხიძე. 

მისივე თქმით, პრაიმერიზის შემდგომი შეფასებები სიების გამარჯვებასთან დაკავშირებით "სრულიად წარმოუდგენელი იყო", რადგან როგორც ის განმარტავს, ორივე სია საარჩევნოდ საერთო ხდებოდა.

"პირველი სიის გამარჯვება, მეორე სიის გამარჯვება - ასეთი შეფასება სრულიად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს ორი სია ერთმანეთს ერწყმება და საერთო სია ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა სიამ გაცილებით მეტი ხმა მიიღო, პირიქით, ძალიან მიხარია ის ხმები, რომელიც მეორე სიამ მიიღო და მათაც უნდა გახარებოდათ ის ხმები, რომელიც პირველმა სიამ მიიღო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ხმები ჩვენი საერთო ხმები და ჩვენი საერთო წარმატების ხმები იქნებოდა, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ შეფასებები, რომელიც მერე ამას მოჰყვა, ჩემი აზრით არის აბსოლუტურად მიუღებელი", - თქვა მან.

ბობოხიძის თქმით, ლიდერებს შორის უთანხმოების შემდეგ შეიკრიბა პოლიტსაბჭო, რომელზეც საკითხის განხილვაზე უარი თქვეს, ამის შემდეგ კი, გიგა ბოკერიამ მოიწვია ყრილობა. მისი თქმით, ყრილობამდე ბოკერიამ გაიგო, რომ საკუთარ კანდიდატურას ყრილობაზე გიგი წერეთელი დააყენებდა, რის შემდეგაც ბოკერიამ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

"როცა ლიდერებს შორის თანხმობა ვერ დგება, შემდეგი უფრო მაღალი რანგის კოლექტიური ორგანო, ანუ, პოლიტსაბჭო წყვეტს საკითხს. პოლიტსაბჭოზე საკითხის განხილვაზე უარი თქვეს, ასეთ შემთხვევაში ყრილობა წყვეტს საკითხს და ყრილობის მოწვევის იდეა არ იყო ჩემი, გიგას იდეა იყო ყრილობის მოწვევის საკითხი, ოღონდ, როგორც კი გაიგეს, რომ გიგა არ იქნებოდა ერთადერთი კანდიდატი და უალტერნატივო ყრილობაზე და მე არ ვიცი, რატომ უნდა ყოფილიყო ერთადერთი და უალტერნატივო და თუ ასე უნდა ყოფილიყო, მაშინ ის არის ამ წუთშიც თავმჯდომარე. როგორც კი გაიგეს, რომ გიგი წერეთელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკურენტი ყოფილიყო ყრილობაზე, რომელიც გიგას ინიციატივით უნდა მოწეულიყო და მე მხარს დავუჭერდი გიგი წერეთელს, არ ვიცი, გიგა ბოკერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რაც მიიღო", - თქვა ბობოხიძემ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ევროპული საქართველო არჩევნებში კვლავ მონაწილეობას და მზად არის, შექმნას კოალიცია სხვა პარტიებთან, ბობოხიძე პასუხობს:

"ბუნებრივია, მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენი პოზიცია იყო გაცხადებული. ჩვენ ვამბობდით, რომ კოალიციებისთვის მზად ვართ, ამ პოზიციის ერთ-ერთი ავტორი ვიყავი თავის დროზე მე. ჩვენ გვქონდა ჩვენი პირობები წამოყენებული და ამ პირობების ერთ-ერთი ავტორიც ვიყავი მე. ეს პირობები ძალაში რჩება, ოღონდ ვითვალისწინებ იმასაც, რომ ამ ფაქტის შემდეგ და იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად სხვაგან პროცესები გრძელდება და მიმდინარეობს, შეიძლება ეს რესურსი უკვე ამოწურულია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფაქტმა, რაც მოხდა, გარკვეული შესაძლებლობების კარი კვლავ გახსნას", - ამბობს ის. 

***

დღეს ცნობილი გახდა, რომ გიგა ბოკერია და თამარა ჩერგოლეიშვილი ევროპულ საქართველოს ტოვებენ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის შიდა პრაიმერიზმა გუნდში დაპირისპირება გამოიწვია.

გიგა ბოკერიას თქმით, პარტიის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე მისი როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით.

ევროპული საქართველოს პრაიმერიზი 28 ივლისს ჩატარდა. დელეგატებს შეეძლოთ ორ სიას შორის გაეკეთებინათ არჩევანი.

პრაიმერიზის შედეგებზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა 29 ივლისს Facebook-ზე დაპოსტა და თქვა, რომ მისმა და აკაკი ბობოხიძის სიამ 1015 დელეგატის ხმით გაიმარჯვა.

30 ივლისს ჩატარებულ პრაიმერიზთან დაკავშირებით პოსტი დაწერა გიგა ბოკერიამ. მან აღნიშნა, რომ შიდა არჩევნებმა დელეგატების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რეალური და მწვავე კონკურენციისა და აქტიური კამპანიის პირობებში ჩაიარა.

წინასწარი მონაცემებით, პრაიმერიზში მონაწილე ორ სიას შორის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. სია N1 - 55% 2. სია N2 - 45%.


close დახურვა