logo
ENG



ბოკერია ოქრუაშვილის პატიმრობაზე: ამ ფასს თვითონ ივანიშვილი გადაიხდის

14 აპრ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციაში ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯას კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და ამ თემაზე აშშ-ს საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებასაც აფასებენ. მათ მიაჩნიათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაპირება ისევ არ შეასრულა. ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკვე დაწყებული იყო. საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია და უნდა დაწყებულიყო საერთო სახალხო განხილვებიც, თუმცა ახლა შესაძლოა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, ვინაიდან ოპოზიცია საკუთარ პოზიციას არ იცვლის, ისინი აცხადებენ, რომ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებები არ იქნება. 

„იმ დროს, როცა საქართველოს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარება და ყურადღება სჭირდება, ამ უმძიმესი გამოწვევის დროს, ამ ტიპის პრობლემების შექმნა ქართული დემოკრატიისთვის და დადებული პირობის არშესრულება არის დამატებითი ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო და მსოფლიო ამას გადალახავს და ჩვენ გვექნება არჩევნები. საქართველოს სჭირდება ნორმალური ვითარება, ნორმალურ ვითარებას კი ამ შეთანხმების შესრულება სჭირდება. ილუზია, რომ ყურადღება გადატანილია და არავინ არ მიაქცევს, არის ქვეყნისთვის საზიანო სიბრიყვე. ამ ფასს თვითონ ივანიშვილი გადაიხდის“, - განაცხადა „ევროპული საქართველო“ წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე გაერთიანებული ოპოზიციიის პოზიციაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, მაშინ შეთანხმება დარღვეული იქნება. 

„ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია არის ძალიან მკაფიო. იმ შემთხვევაში თუ არ იქნებიან პოლიტპატიმრები გათავისუფლებულები და არ შესრულდება შეთანხმების ორივე პუნქტი მაშინ შეთანხმება არის დარღვეული“, განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრი ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთშორისო ინსტიტუტები მუშაობენ, რათა ხელისუფლებამ შეთანხმების ორივე ნაწილი შეასრულოს 

„ტყუილად ჰგონია ხელისუფლებას, რომ მიმდინარე პანდემიის პირობებში ამ შეთანხმების დარღვევა შესაძლებელია. საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო ინსტიტუტები აგრძელებენ მუშაობას. ისინი იქნებიან მათი ყურადღების ქვეშ და ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეასრულოს შეთანხმების ორივე ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უმნიშვნელოვანესი და უპრეცენდენტო შეთანხმება შესაძლებელია დადგეს საფრთხის ქვეშ რაც მძიმე და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ხელისუფლების იმიჯს“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ამერიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით.

"ქართულ ოცნებაში" ამ დრომდე არ გაკეთებულა კომენტარი ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხაზებაზე. პრესსამსახურში „ფორმულას“ განუცხადეს, რომ განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება. 


close დახურვა