"ევროპული საქართველო" პრეზიდენტის შეწყალებების თემაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების და პროკურატურის ინსტრუმენტები აშკარა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ გამოძიებისთვის ნება აკლია და პარლამენტის ვალია იმოქმედოს.
„პრეზიდენტმა ჩაიდინა სრულიად უპატივცემულო და უტიფარი საქციელი საზოგადოებასთან მიმართებაში, რადგან არც კი აგვიხსნა, რატომ მიიღო ასეთი სკანდალური გადაწყვეტილება. აქაც გვინდა, რომ სამართლებრივ ჩარჩოში დავრჩეთ. მალე ჩვენ სავარაუდოდ, დავსვამთ საკითხს, რომ საპარლამენტო კომისია შეიქმნას," - განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის არიან პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.
ამ ფაქტმა, საზოგადოების დიდი ნაწილის, უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რის გამოც ზურაბიშვილმა შეწყალებაზე 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მორატორიუმი გამოაცხადა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალებაზე გამოძიება დაიწყო.