logo
ENG



ბოკერია ძალადობაზე: გამოსავალი არის საზოგადოების მობილიზება ხელისუფლების შესაცვლელად

05 ივლ 202115:52
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია ძალადობაზე: გამოსავალი არის საზოგადოების მობილიზება ხელისუფლების შესაცვლელად
ფორმულა

გიგა ბოკერია საქართველოში რუსთაველის ქუჩაზე პრორუსული და აგრესიული ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ივანიშვილის რეჟიმის შედეგია. 

მისი შეფასებით, დღევანდელი დღე არის უმძიმესი ქართული დემოკრატიისთვის. 

„დღეს არის უმძიმესი დღე ქართული დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისათვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისათის, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. ჩვენ თვალწინ არის ღია ალიანსი ივანიშვილის რეჟიმის და პროპუტინური მოძალადე ჯგუფების და ეს ხალხი ღიად გვეუბნება, რომ ისინი მხოლოდ ერთ უმცირესობის ჯგუფს კი არ უპირისპირდებიან, უპირისპირდებიან იდეას თავისუფალი საქართველოს და დასავლური არჩევანის და გვექაჩებიან პუტინისტური ჭაობისაკენ

ისინი დღეს თავს დაესხნენ აქტივისტებს პარლამენტის წინ, ოპონენტებს ხელისუფლების, სირცხვილიას ოფისს, მედიას, ჟურნალისტებს განსაკუთრებული სისასტიკით, სიმბოლურად ჩამოხიეს ევროკავშირის დროშა, არც მალავენ და ბრმები უნდა ვიყოთ პოლიტიკურად ეს რომ ვერ დავინახოთ და ამ უბედურების ძირი არის ივანიშვილის რეჟიმში და ყველა იმ პირში, განსაკუთრებით სასულიერო პირებში, ვინც რელიგიის სახელით ამ სიძულვილს და ამ არჩევანს თავს ახვევს ჩვენ ქვეყანას, პუტინისტურ არჩევანს. 

აქედან გამოსავალი არის საზოგადოების მობილიზება ხელისუფლების შესაცვლელად და ამის გარეშე, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გარეშე ჩვენ ქვეყანას არ აქვს ამ ჭაობიდან ამოსვლის". - აცხადებს ბოკერია. 

დილიდან ქუჩაში გამოსული მოძალადეები შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმები პოლიციის უმოქმედობის ფონზე ხდება.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, მსვლელობა დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაწყებულიყო. 

თუმცა, რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო თბილისი პრაიდმა ღირსების მარში გადადო. 

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. 

თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და არ აღკვეთა ძალადობა. 

შედეგად, დაშავდა ათობით ჟურნალისტი. თუმცა, არავინ დაუკავებიათ. 

თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია.

მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

მედიაზე ძალადობა ამ დრომდე გრძელდება. 


close დახურვა