ბორის ჯონსონი შვებულებიდან დაბრუნდა და შაბათს დიდი ბრიტანეთში ჩაფრინდა. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ჯონსონი პრემიერის პოსტზე დაბრუნებისთვის იბრძოლებს.
ყოფილი პრემიერმინისტრი შვებულებას ოჯახთან ერთად კარიბებზე ატარებდა. მას ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა არიან კონსერვატიულ პარტიაში ადამიანები, რომლებსაც ყოფილი პრემიერის დაბრუნების ხილვა სურთ. მაგალითად, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჯონსონს მხარი ღიად უკვე დაუჭირა.
Sky News-ის რეპორტიორის თქმით, რამდენიმე მგზავრმა თვითმფრინავში, რომელიც დიდი ბრიტანეთისკენ მიფრინავდა, ჯონსონს დაუსტვინეს და მის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა.
კონსერვატიული პარტიის მომავალ ლიდერად და პრემიერმინისტრად ჯონსონის გარდა აქტიურად კიდევ ორი კანდიდატი განიხილება: პენი მორდონტი და რიში სუნაკი.
თემთა პალატის ლიდერმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პენი მორდონტმა საჯაროდ უკვე განაცხადა საკუთარი სურვილის შესახებ, გახდეს მომდევნო პრემიერმინისტრი.
კიდევ ერთი კანდიდატია ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკია. ზაფულში ის პრემიერმინისტრის პოსტზე ლიზ ტრასის მთავარი მოწინააღმდეგე იყო.
პრემიერმინისტრის ასარჩევად კანდიდატმა თემთა პალატაში კონსერვატიული პარტიის წევრების მინიმუმ 100 ხმა უნდა მოიპოვოს.
როგორც The Guardian წერს, სამ კანდიდატს შორის სუნაკი ლიდერობს, რომელსაც 100 მხარდამჭერი უკვე ჰყავს. გამოცემისვე ინფორმაციით, ჯონსონს ჰყავს 49 მხარდამჭერი, ხოლო მორდონტს - 22. პარტიის ახალი ლიდერი ორშაბათს უნდა გახდეს ცნობილი.
ჯონსონის დაბრუნების პერსპექტივა კონსერვატიულ პარტიაში ბევრისთვის სადაო საკითხია. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ბოლო ექვს წელში დიდ ბრიტანეთში ოთხი პრემიერმინისტრი შეიცვალა. ხოლო რამდენიმე თვის წინ თვითონ ჯონსონს თანაპარტიელებმა უნდობლობა გამოუცხადეს.
ზოგიერთი კანონმდებელი ჯონსონს გამარჯვებულად განიხილავს, რომელსაც შეუძლია ქვეყანა შეკრას. სხვები კი მას ტოქსიკურ პიროვნებად მოიაზრებენ და მნიშვნელოვან გარემოებად ასახელებენ იმას, რომ თვეების თანაგუნდელებმა მას ზურგი აქციეს.