შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ირწმუნება, რომ სიცრუეა, თითქოს ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა დააკავეს და შემდეგ გაექცათ:
"ეს არის მიზანმიმართულად, უტიფრად, სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება, რომ თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა. ტყუილია ეს ყველაფერი. გპირდებით, მას შემდგომ, რაც ბოროტმოქმედს დავაკავებთ, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი გაიგებთ ჩვენგან", - განაცხადა ბორცვაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ესებუას ადგილსამყოფელის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.
"ადგილსამყოფელის შესახებ ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს და ვაგრძელებთ ღონისძიებებს ადგილსამყოფელის დასადგენად", - თქვა ბორცვაძემ.
შსს-მ დღეს, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუაა.
სწორედ ბადრი ესებუა დაასახელა 25 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარმა თავდასხმაში ბრალდებულის ვინაობად. დღეს უწყება ამბობს, რომ თავდამსხმელის იდენტიფიცირება დანაშაულის ღამესვე მოხდა. მთავარისვე ინფორმაციით, 25 ოქტომბერს შსს-ს სპეცოპერაცია წარუმატებლად დასრულდა და ალყაში მოქცეულმა ბრალდებულმა გაქცევა მოახერხა.
ამ დროისთვის ბრალდებულის და მისი ნათესავების სახლებს ჩხრეკენ.
ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მან 500 000 აშშ დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცველებმა მას თანხა გადასცეს. თავდამსხმელმა ბანკის შენობა პოლიციელთან და რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვა, შემდეგ კი თანხასთან ერთად გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
საქართველოს ბანკზე თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.