logo
ENG



ბრაჭველი: 27 დეკემბერს სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუსვეს, დაველოდებით კონსილიუმის შეფასებას

29 დეკ 202122:05
3 წუთის საკითხავი
 
ბრაჭველი: 27 დეკემბერს სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუსვეს, დაველოდებით კონსილიუმის შეფასებას

დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საბა ბრაჭველი გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა და მიხეილ სააკაშვილის გარდა ის მის მკურნალ ექიმ ნევროლოგსა და ჰოსპიტლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

საბა ბრაჭველის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი დიაგნოზი 27 დეკემბერსაა დასმული. ის დიაგნოზს არ ახმაურებს და ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატს სურს რომ მისი კონსილიუმის წევრებმაც შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა და დადონ დასკვნა პაციენტის საჭიროებების შესახებ. 

„ახალი დიაგნოზთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ექიმებმა შეაფასონ ეს დიაგნოზი. ასევე სამედიცინო მასალები, რომლებთან გაცნობის შესაძლებლობაც დღეს სამწუხაროდ არ მოგვეცა. ამის შემდეგ ჩვენი ექიმები გადაწყვეტენ, იმას თუ რამდენად იძლევა ეს დიაგნოზი იმის შესაძლებლობას, რომ პაციენტი გადაყვანილ იქნას სხვა დაწესებულებაში“, - განაცხადა საბა ბრაჭველმა.

თავად სააკაშვილმა კი ბრაჭველს უთხრა, რომ თავს კარგად არ გრძნობს და დამატებით სპეციალისტებთან, მათ შორის ნევროლოგთან ითხოვს შეხვედრას. მეორე მხრივ, სააკაშვილის ექიმები ამბობენ, რომ მისი მკურნალობის დინამიკა დადებითია.

ბრაჭველის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი მკურნალი ექიმი ამ დრომდე არაა დანიშნული და ამჟამად მისი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთობლივად იღებენ.

საბა ბრაჭველმა ასევე განაცხადა, რომ სახალხო დამცველის სამსახურს დღეს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტებთან გაცნობის საშუალება იმიტომ არ მიეცა, რომ ჰოსპიტალს საღამოს 6 საათის შემდეგ ეწვია.

მნიშვნელოვანია, რომ გუშინ სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმი სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. როგორც ბრაჭველს ჰოსპიტალში განუმარტეს, ამის მიზეზი კოვიდ-რეგულაციების გამო 28 დეკემბერს მიღებული ბრძანებაა. თუმცა სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, რომ სააკაშვილი ჰოსპიტალში იზოლირებულადაა მოთავსებული და დაწესებულების დირექტორის ბრძანება დამატებით დასაბუთებას საჭიროებს.

„როგორც დაწესებულების წარმომადგენელმა განგვიმარტა ეს შეზღუდვა დაწესებულია დირექტორის 28 რიცხვის ბრძანებით და გამომდინარეობს კოვიდ-რეგულაციებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტი ამჟამად ასევე არის პატიმარი, სარგებლობს იმ უფლებებით, რომელიც გააჩნია პატიმრობის კოდექსიდან გამომდინარე, ეს ბრძანება მოითხოვს დამატებით დასაბუთებას. მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ თითოეული ვიზიტორი, რომელიც შედის პაციენტის სანახავად, პენიტენციური სისტემის რეგულირებიდან გამომდინარე აუცილებლად არის ტესტირებული და გააჩნია ნეგატიური პასუხი და გარდა ამისა, თავად დაწესებულების ლოჯისტიკური მოწყობა გულისხმობს იმას, რომ შემსვლელები არ ხვდებიან სხვა პირებს და სრულად იზოლირებულები არიან სხვა პაციენტებისგან. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ბრძანება აუცილებლად საჭიროებს დამატებით დასაბუთებას“, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

ბრაჭველის განცხადებით, უახლოეს დღეებში სახალხო დამცველის კონსილიუმი კვლავ შეეცდება მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ასევე კომენტარი გააკეთა სააკაშვილის პალატაში არსებულ სარკმელზე. მისი თქმით ფანჯარა გაუმჭვირვალეა და მასში ამოჭრილია სარკმელი, რომელიც მცირედით იღება. 

„ფანჯარა მე თავადაც ვნახე. აშკარად ფანჯარა არის გაუმჭვირვალე. თავად [სააკაშვილი] ამბობს, რომ ზუსტად იმ მომენტის შემდეგ 27-ში რაც მასთან იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები და დაასრულა საუბარი, მასთან შევიდა დაახლოებით 6 თანამშრომელი, რომლებმაც სცადეს მისთვის საათის წართმევა, რა დროსაც ფიზიკურ იძულებასაც ჰქონდა ადგილი. ხოლო შემდგომ ადგილი ჰქონდა ფანჯრის სრულად დაგმანვას.

მოგვიანებით ამოიჭრა პატარა სარკმელი, რომელიც ძალიან მცირედით იღება ამ მომენტისთვის. ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია, მზის შუქი როგორ უნდა შევიდეს ამ მცირე სარკმლის გათვალისწინებით“, - განაცხადა საბა ბრაჭველმა მიხეილ სააკაშვილის მონახულები შემდეგ.

 


close დახურვა