იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკშვილის ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდება, მას პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტი კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში იზოლირებული იქნება.
"იმ შემთხვევაში, თუ დადგება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, იგი გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში. ეს არის სამკურნალო დაწესებულება...
საავადმყოფოში იქნება იზოლირებული, რაც აუცილებელია მისი უსაფრთხოებისთვის, ყველაფერი იქნება გაკეთებული", - თქვა ბრეგაძემ.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში პატიმრის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას არ ეთანხმებიან.
ადვოკატი ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 21-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად რამდენიმე დღის წინ ციხეში ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა. მათ პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს.
სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.