logo
ENG



ბრეგაძის თქმით, თუკი რუსთავში სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდება, ისევ გლდანში გადაიყვანენ

28 დეკ 202113:14
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, მას ისევ გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ. ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, როგორ მოიქცევიან თუკი სააკაშვილი გადაყვანის შემდეგ შიმშილობას განაახლებ? 

"თუ შესაძლებელია რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთელობას, არსებობს გლდანის #18 დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე პატიმრები. მასაც გადაიყვანენ ამ დაწესებულებაში, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში. მას მიაწოდეს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება, მათ შორის #18 დაწესებულებაში. ეს არის სტანდარტი, რომელიც ყველა პატიმართან მიმართებით ვრცელდება", - თქვა ბრეგაძემ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გუშინ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ, რა დროსაც ის ცუდად გახდა.

"შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად.

მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200-110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120-80. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.

ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა. ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს.

ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია. თან სულ მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა", - წერს სააკაშვილი facebook-ზე.

19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. 


close დახურვა