დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ მოსკოვმა მობილიზაცია რუსეთის ეროვნული გვარდიის გასაძლიერებლად გამოიყენოს.
"2022 წლის 21 სექტემბერს, დუმის დეპუტატმა, ალექსანდრე ხინშტეინმა კოლეგებს მოუწოდა, რომ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია რუსეთის ეროვნულ გვარდიაზე (როსგვარდია) გავრცელდეს.
როსგვარდიის ქვედანაყოფები ხელს უწყობენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას რუსეთთან შეერთების შესახებ. ეს ძალა განკუთვნილია შიდა უსაფრთხოებისთვის, პუტინის უწყვეტი რეჟიმის უზრუნველსაყოფად. ეროვნული გვარდია ცუდად იყო მომზადებული უკრაინაში ინტენსიური საომარი მოქმედებებისთვის.
რუსეთის ეროვნული გვარდია სავარაუდოდ, განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ იმყოფება. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ მოსკოვმა მობილიზაცია რუსეთის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების გასაძლიერებლად გამოიყენოს," - განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვამ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.