logo
ENG



ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლასი თანამდებობის დატოვებას გეგმავს

16 ივლ 202311:44
3 წუთის საკითხავი
 
TOM BARNES/ SUNDAY TIMES

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლასის თქმით, ხელისუფლებიდან და ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს. ამის შესახებ მან გამოცემა Sunday Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

უოლასის თქმით, თანამდებობას კაბინეტის შემდეგი ცვლილებების დროს დატოვებს - ასეთი ცვლილებები სექტემბერშია დაგეგმილი. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

"აღარ ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას" - განაცხადა უოლასმა თუმცა, ბორის ჯონსონის სხვა მოკავშირეების მსგავსად ოფისის „ვადაზე ადრე დატოვებაც“ გამორიცხა.

"პოლიტიკაში 1999 წელს შოტლანდიურ პარლამენტში შესვლით მოვედი. ეს 24 წლის წინ იყო. 7 წელზე ბევრად მეტი გავატარე საწოლთან 3 ტელეფონთან ერთად." - განაცხადა უოლასმა.

მისი თქმით, ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს გადაწყვეტილების შესახებ 16 ივნისს უთხრა.

თავდაცვის მდივნად ყოფნის პერიოდში უოლასი თავის ყველაზე დიდ მიღწევად თავდაცვის ბიუჯეტის 24 მილიარდი გირვანქა სტერლინგით ზრდას, "თავდაცვის რეფორმასა და ჯარის მოდერნიზაციაში ინვესტირებას" მიიჩნევს.

ბენ უოლასი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდანვე მკაფიოდ უჭერს მხარს უკრაინისადმი დახმარების პოლიტიკას, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის გადაცემას და უკრაინელი სამხედროების წვრთნებს.

თუმცა განცხადებამ, რომელიც უოლასმა ვილნიუსში 11-12 ივლისს გამართულ NATO-ს სამიტზე გააკეთა, დასავლეთის კრიტიკა გამოიწვია. ბენ უოლასმა თქვა, რომ უკრაინამ მეტად უნდა აჩვენოს "მადლიერება" აშშ-სა და სხვა მოკავშირე ქვეყნებში იმ "დაეჭვებულ პოლიტიკოსებს", ვინც ბოლომდე არაა დარწმუნებული, რომ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიევის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა განაგრძოს.

ბრიტანეთის პრემიერმა რიში სუნაკმა კი სიტუაციის განმუხტვის მიზნით, თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის მოკავშირეებისადმი მადლიერება "უამრავჯერ გამოხატა".


close დახურვა