საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო სტრასბურგის გადაწყვეტილებას მიესალმება და რუსეთმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საელჩო ასევე წერს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცლის შეწყვეტს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები:
"გაერთიანებული სამეფო მიესალმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და მათი დადგენილებით რუსეთის პასუხისმგებლობას: მკვლელობებზე, წამებასა და მოქალაქეების იძულებით გადაადგილებაზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების კონტროლის პერიოდში, რომელიც დღემდე გრძელდება.
რუსეთმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები",-ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, 21 იანვარს ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.